ახალი ამბები

“ვამხელ და არ შევეგუები” — ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა “დროა” დააფუძნა

8 მარტი, 2021 • 2666
“ვამხელ და არ შევეგუები” — ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა “დროა” დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა “დროა” დააფუძნა, რომელიც საარჩევნოდ პარტიად გადაკეთდება.

ხოშტარიამ Youtube-ზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ აპირებს, ამხილოს კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოძალადეები, გამყალბებლები, ქურდები, კლანის წევრები, ნეპოტიზმი, რუსეთთან კავშირები და ყველანაირი უსამართლობა.

“ჩვენ ნაწილ-ნაწილ ვკარგავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენთვის არ არსებობს სასამართლო, სადაც დავიცავთ თავს; პროკურატურა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს; პოლიცია პოლიტიკურ დავალებებს იღებს; სუსი კი ადამიანების შანტაჟით და კონტროლით არის დაკავებული; პარლამენტი ერთი კაცის საქებრად შეკრებილ 96 სუბიექტს წარმოადგენს; ყველაზე დიდი ბოროტება უიმედობაა. სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კორუფცია, გაჭირვება, უპერსპექტივობა და ოკუპაცია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ბედისწერაა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ძალისხმევით, თანმიმდევრულობით და მკაფიო გეგმით. დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით”, — აცხადებს ხოშტარია.

იგი სთავაზობს უსამართლობასთან მებრძოლ ადამიანებს, მიაწვდინონ ხმა.

“ვამხელ და არ შევეგუები. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, თქვენი ოჯახის, სოფლის, ქალაქის, რაიონის მოსახლეობა უსამართლობისგან. ამაში თქვენ არ იქნებით მარტო. ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო. მოგვაწვდინეთ ხმა”, – ამბობს ხოშტარია.

როგორც ხოშტარიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, “დროა” არის პოლიტიკური მოძრაობა, რომელშიც გარდა Youtube არხისა, რამდენიმე პლატფორმა იქნება გაერთიანებული.

“Youtube არხზე მექნება რეგულარული მიმართვები, ვიდეოები, როგორც მხილება უსამართლობების, ასევე, ადამიანთა ჯგუფების ინტერესების წამოწევა როგორც რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან. ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა. კიდევ იქნება რამდენიმე პლატფორმა და გუნდი, რომელსაც მარტის ბოლოს წარვადგენ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” 2020 წლის დეკემბერში დატოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი