ახალი ამბები

“ტვ პირველზე” გასულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით “ლელომ” პროკურატურას მიმართა

8 მარტი, 2021 • 688
“ტვ პირველზე” გასულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით “ლელომ” პროკურატურას მიმართა

დღეს, 8 მარტს, “ლელოს” წევრებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს “ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

როგორც “ლელოს” წევრი კახა კოჟორიძე ამბობს, აღნიშნული ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურის ვალდებულებაა, რომ გამოძიება დაიწყოს.

“ლელოს” წევრები და იურისტები მოვედით, რათა საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ თავისი ვალდებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობოს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება — ეს წერია [სსკ-ის] მე-100 და 101-ე მუხლებში პირდაპირ. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბარია არა პროკურატურის უფლებამოსილებაზე, არამედ საკანონმდებლო ვალდებულებაზე. ამიტომ ჩვენ, როგორც იურისტები, ვამბობთ პირდაპირ, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობისა და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი. ჩვენ ვნახეთ გუშინ მმართველი პარტიის განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ თურმე აქ დანაშაულის ნიშნები არ არის, თურმე შეკოწიწებულია, და არცერთი სიტყვა გამოძიების დაწყების საჭიროებაზე”, — განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ნეტგაზეთი მეორე დღეა ცდილობს პროკურატურისგან გაიგოს, დაიწყო თუ არა ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება. თუმცა უწყებისგან ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრია ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

“ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“

“ქართული ოცნების” განცხადებით, ჩანაწერები “კუდის” მიერაა მოპოვებული 2010-11 წლებში. მმართველი პარტიაში ჩანაწერების გავრცელებას მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი