ახალი ამბები

“გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება აუცილებელია” – საიას თავმჯდომარე

7 მარტი, 2021 • 876
“გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება აუცილებელია” – საიას თავმჯდომარე

არის თუ არა “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერი პირადი საუბარი და შეეძლია თუ არა მედიას ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელება, უნდა დაიწყოს თუ არა, ან რა მიმართულებით უნდა დაიწყოს გამოძიება მომხდართან დაკავშირებით, რა არის გამოძიების მიუკერძოებლად წარმართვისთვის აუცილებელი? – ამ და სხვა კითხვებით ნეტგაზეთმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნიკა სიმონიშვილს მიმართა.


ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თუ მედიას უკანონო გზით არ მოუპოვებია ჩანაწერი, მას სრული უფლება აქვს, რომ იგი გაავრცელოს.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი მედიას აძლევს საშუალებას ასეთი ჩანაწერი გაავრცელოს, თუ მას არ მოუპოვებია ეს ჩანაწერი უკანონო გზებით. შესაბამისად, მედიას სრული უფლება აქვს, ეს ჩანაწერები გაავრცელოს, მითუმეტეს, რომ ამ ჩანაწერების მიმართ არის დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. თუ იმავე კანონს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ამის გაკეთების სრული უფლება ჰქონდა მედიას, მეტიც, იგი ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო, რადგან დიდია საზოგადოებრივი ინტერესი”, – აცხადებს სიმონიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება აღნიშნულ ჩანაწერებზე და თუ უნდა დაიწყოს, რა მიმართულებით, სიმონიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დაწყება აუცილებელია.

“ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური. თუ ეს დადგინდება, მაშინ გამოძიება უნდა წარიმართოს, ერთი მხრივ, კონკრეტული დაზარალებულების მიმართ ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარასა და ძალადობას, ხოლო მეორე მხრივ, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენებას, და მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, როდის და ვის მიერ, რა მიზნით გაკეთდა ამ საუბრების ჩაწერა. ეს, რა თქმა უნდა, არის კერძო საუბარი, ჩვენ ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ყოფილა გამოყენებული მსგავსი ჩანაწერები, შესაბამისად, ასეთი მეთოდებით ბრძოლა, რა თქმა უნდა მიუღებელია. ასეთი ჩანაწერების გაკეთება უკანონოა და გამომდინარე აქედან, ამ კუთხითაც საჭიროა გამოძიების დაწყება, რათა დადგინდეს, ვინ და როდის ჩაიწერა ეს საუბრები”, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ ჩანაწერების გაკეთების თარიღს, სიმონიშვილი პასუხობს, რომ ამან, შესაძლოა, გამოკვეთოს სავარაუდო დამნაშავეები, თუმცა თავად შესაძლო დანაშაულის მხრივ, თარიღს მნიშვნელობა არ ენიჭება.

“როცა არ უნდა გაკეთებულიყო ეს ჩანაწერი, 2010 წელსაც იყო ამ საუბრის ჩაწერა დანაშაული და ახლაც. ადამიანის იძულება, ძალადობა და მუქარა 2010-შიც დანაშაული იყო და მას შემდეგაც, უფლებამოსილების გადამეტება მაშინაც და ახლაც დანაშაულია. როდისაა საუბარი ჩაწერილი, ამას შესაძლოა ის მნიშვნელობა ჰქონდეს, რომ გამოიკვეთოს სავარაუდო დამნაშავეები, თუ ვის მიერ შეიძლება იყოს გაკეთებული ეს ჩანაწერები, თუმცა იმ დანაშაულებთან მიმართებით, ამას შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს”, – მიაჩნია საიას დირექტორს.

მისივე თქმით, აუცილებელია საქმის სწრაფი გამოძიება, ამისათვის კი მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა.

“ზოგადად ვერ ვისაუბრებთ მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვასთან დაკავშირებით. ამ საკითხს უნდა შევხედოთ ბევრად უფრო ფართოდ და სისტემურად. ჩვენ ვნახეთ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოძიება და მართლმსაჯულების სისტემა გამოყენებული იყო როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. შესაბამისად, სწორი მართლმსაჯულებისთვის აუცილებელია სისტემური ცვლილებები. სხვაგვარად, ამ პირობებში, ვინც არ უნდა იყოს პროკურორი, გამომძიებელი, შეუძლებელია ვისაუბროთ დამოუკიდებელ გამოძიებაზე, თუ სისტემურად არ მოხდება ცვლილებები.

თუ სისტემურად არ გამოსწორდება ეს პრობლემები, ჩვენ ვერ მივიღებთ ეფექტურ და სწორ გამოძიებას. თუ სწორად არ დადგინდა გარკვეული ფაქტები, ვერ ვისაუბრებთ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, აქედან გამომდინარეა საჭირო, რომ გამოძიებამ დროულად გასცეს არსებულ კითხვებს პასუხი”, – უთხრა ნიკა სიმონიშვილმა ნეტგაზეთს.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება ამ ჩანაწერების ავთენტურობა, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

“თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს იმის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ გამოვიდეს და ამ ჩანაწერებზე განმარტება გააკეთოს, როგორც მინიმუმ, განაცხადოს, რომ ეს ჩანაწერები არ არის მართალი, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დროულად უნდა ჩატარდეს და თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცდება, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ პრემიერმინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და შესაძლოა, ამას სამართლებრივი პასუხისმგებლობაზეც მოჰყვეს”, – ამბობს საიას თავმდჯომარე.

შეკითხვაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმ მედიისა და ჟურნალისტების დაცვაზე, რომლებმაც გაავრცელეს ეს ჩანაწერები, სიმონიშვილი პასუხობს, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უმთავრესად სახელმწიფოს ეკისრება.

“რა თქმა უნდა, არამხოლოდ ჟურნალისტების, არამედ ნებისმიერი ჩვენთაგანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. სახელმწიფომ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები იმისათვის, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც ეს ინფორმაცია მოიპოვეს, არ გახდნენ თავდასხმების მსხვერპლნი. რა თქმა უნდა, უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს”, – გვპასუხობს იგი.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ნეტგაზეთმა პროკურატურას მიმართა კითხვით, აღნიშნულ ჩანაწერებზე დაიწყო თუ არა გამოძიება. აღნიშნულ თემაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი