ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ვეტერანი დამნაშავე ვერ იქნება” – “ექიმების საქმე” აფხაზეთში

6 მარტი, 2021 • 1033
“ვეტერანი დამნაშავე ვერ იქნება” –  “ექიმების საქმე” აფხაზეთში

ავტორი: ზურა წურწუმია, თბილისი


რაულ ხაჯიმბას მიმართ აფხაზურ ოპოზიციას არაერთი პრეტენზია გააჩნდა. მათ შორის უმთავრესი ტოტალური კორუფცია იყო. ასლან ბჟანიას საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის დაპირება იყო. პრეზიდენტად არჩევიდან თითქმის ერთი წლის თავზე კი ეს პირობა შეუსრულებელია. პრობლემა მხოლოდ ბჟანიას არაფექტური ნაბიჯები არ არის. როგორც ჩანს თავად აფხაზური საზოგადოება ვერ ახერხებს კორუფციის დაძლევას და ამ პროცესისთვის საკმარისი მზაობა არ გააჩნია. გასულ თვეს ე.წ. „ექიმთა საქმემ“ ეს პრობლემები კიდევ უფრო გამოააშკარავა.

ხაჯიმბას წრის სრული ჩანაცვლების შემდეგ ასლან ბჟანიას კორუფციის დასაძლევად ერთი შეხედვით არაფერი უშლიდა ხელს. ახალი მთავრობის ყველაზე აქტიური წევრები პირველ რამდენიმე თვეს შსს მინისტრი დბარი და ეკონომიკის მინისტრი ოზგანი იყვნენ. ორივეს აქტიურობა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფოს მკაცრი ხელი ბრუნდებოდა დანაშაულის სამართავად. განსაკუთრებით იმედისმომცემი ჩანდა ოზგანის ინსპექციები კონტრაქტორ კომპანიებში და დემონსტრაციული, კამერისწინა საუბრები იმ ბისნესმენებთან თუ ორგანიზაციებთან, რომლებსაც სახელმწიფო თანხები ჰქონდათ მიბარებული და პასუხს აგებდნენ სამუშაოს შესრულებაში. ივნისის თვეში ერთ-ერთი ასეთი კომპანიის დირექტორი ბორის აჩბა დააკავეს კიდეც და ბრალად სახელმწიფო ქონების გაფლანგვა წაუყენეს. მაგრამ პროცესი ამით შეჩერდა. კორუფციის ბრალდებით არც ყოფილი და არც მოქმედი ჩინოვნიკები არავის დაუკავებია. ეს ადამიანები გაქრნენ, თითქოს არც არსებულან.

კორუფციასთან ბრძოლა 2020 წლის თებერვალში მოულოდნელად დაბრუნდა დღის წესრიგში. თანაც დაბრუნდა ისეთი ფორმით, რომ ეჭვმიტანილებზე მეტად ბჟანიას რეპუტაციას დაემუქრა საფრთხე.

10 თებერვალს ძალოვნები, სპეცრაზმის თანხლებით სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში მივიდნენ. როგორ მედია იტყობინებოდა მათ მთავარი ექიმის და მოადგილის დაკავება სურდათ, მაგრამ ისინი ადგილზე არ დახვდნენ. ექიმები კორუფციაში არიან ეჭვმიტანილები. წინასწარი გამოძიების მიხედვით, რესპუბლიკური საავადმოფოს მთავარმა ექიმმა აპოლონ გურგულიამ და მისმა მოადგილე გიორგი ვოუბამ, ბუღალტერ ასლან წკუასთან ერთად გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას და კორუფციული მეთოდებით ბოროტად გამოიყენეს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, რითაც საბოლოო ჯამში რამდენიმე მილიონი რუბლის ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. საქმე ეხება ფასიან ლაბორატორიულ მომსახურებებეს, ანალიზებს, რომლისგან მიღებულ შემოსავლებს ეჭვმიტანილები ითვისებდნენ.

საზოგადოების პირველი უარყოფითი რეაქცია საავადმყოფოშივე გამოჩნდა, როდესაც ადგილზე მისულ ძალოვნებს საგამოძიებო საქმის წარმოებაში ხელი მედ. პერსონალმა და ვოუბას ნათესავებმა შეუშალეს. მომდევნო დღეებში 235 ექიმმა პრეზიდენტს, პარლამენტსა და მედიას მიმართეს და მხარდაჭერა ეჭვმიტანილებს გამოუცხადეს. 15 თებერვალს ეჭვმიტანილი ექიმების კოლეგებმა და ნათესავებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.

პარლამენტში ამ ამბებთან დაკავშირებით დეპუტატები გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს შეხვდნენ. დეპუტატი ვალერი აგრბა გენ. პროკურორ ადგურ აგრბასა და მის მოადგილე რუსლან ტირკბას დაუპირისპირდა. ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაამ” კი საავადმყოფოს მთავარ ექიმ გურგულიას მხარდაჭერა გამოუცხადა. კონფლიქტი მხარეებს შორის სასამართლომ დროებით დააწყნარა, როდესაც სოხუმის საქალაქო სასამართლომ ერთადერთი დაკავებული წკუა მტკიცებულებების ნაკლებობის მიზეზით გაათავისუფლა.

ბჟანიას ხელისუფლების მცდელობა, კორუფციის ბრალდებით ვინმე მაინც დაეკავებინა, წარუმატებლად დასრულდა. ეჭვმიტანილების მხარეს საზოგადოების ნაწილი დადგა და რაც მთავარია წინა პლანზე აფხაზური საზოგადოებისთვის უკვე ტრადიციული ალიბი გამოჩნდა – ომის ვეტერანობა.

ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მიუხედავად აქციების ფონზე მოსვლისა, ბჟანიას ხელისუფლება იმდენად მყარი და საზოგადოებისგან მხარდაჭერილი არ არის, როგორადაც ეს შეიძლება გარედან ჩანდეს. ერთის მხრივ, თავად ხელისუფლებაშია ორი სიმძიმის ცენტრი – ბჟანიასა და ანქვაბის სახით და ყოველი მნიშნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ამ შიდა დინებების გათვალისწინებაა აუცილებელი. მეორეს მხრივ, პარლამენტში ოპოზიციური დეპუტატები დომინირებენ, რომლებიც მთავრობის საქმიანობას ყოველი შესაძლებლობისას აფერხებენ. ამის მაგალითია 2021 წლის ბიუჯეტის ჩაგდება, მისი განხილვების დროს კი გალის რაიონის ბიუჯეტზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობა. რაიონს ბჟანიას ნათესავი ფილია ხელმძღვანელობს, ხოლო პასპორტიზაციის საკითხი ოპოზიციისთვის ყოველთვის მომგებიანი თემაა. სოხუმის სასამართლოს მიერ წკუას გათავისუფლება შეიძლება იმასაც მიანიშნებდეს, რომ სასამართლო სფეროში ჯერ კიდევ ბჟანიამდელი კადრები მუშაობენ, რომლებიც სასამართლოს მოჩვენებითი დამოუკიდებლობის დემონსტრირებით რეალურად ბჟანიას ხელისუფლებას ასუსტებენ.

თუმცა პრობლემა მხოლოდ ხელისუფლების არაეფექტურობაში არ არის. ვეტერანებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ აფხაზურ საზოგადოებაში. სწორედ ისინი არიან მთავარი პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღებები. ომის ვეტერანობა აფხაზეთში უკვე იმდენჯერ გამოიყენეს როგორც ალიბი და იმუნიტეტი, რომ თაობებს შორის გარკვეულ კონფლიქტსაც იწვევს. ეს დაპირისპირება მკაფიოდ სოციალურ ქსელში ჩანს. ახალი თაობისთვის უკვე მომაბეზრებელი ხდება ომში მონაწილეობის დაყვედრება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უბრალოდ მათზე ადრე დაიბადნენ და ამავე დროს პატიოსანი, კანონმორჩილი ცხოვრებითაც არ გამოირჩევიან.

სანამ თაობის ჩანაცვლება მომხდარა – ვეტერანების განსაკუთრებული საზოგადოებრივი სტატუსი კორუფციასთან ბრძოლას არარეალურს ხდის. ეს პროცესი კონკრეტული ადამიანების დაკავებას გულისხმობს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა აფხაზურ საზოგადოებას ამ ეტაპზე არ შეუძლია.

ვითარება კიდევ უფრო კრიტიკული ხდება, როდესაც ეჭვმიტანილი ვეტერანი ექიმის ხალათს ატარებს. ოჯახის წევრის, ნათესავისა თუ პატივსაცემი ვეტერანის დაკავება და ამ ფაქტთან შეგუება ბარიერებს ქმნის. თანაც მაშინ, როდესაც ბევრისთვის არც ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციისგან თუ იგივე უკანონო კრიპტო მაინინგისგან დგანან შორს. ასეთ პირობებში კორუფციასთან ბრძოლა სინამდვილეში შესაძლოა მომეგებიან პოზიციებზე როტაციას გულისხმობს და არა კანონის აღსრულებას, ეს პროცესი კი კლანურ/ნათესაურ კავშირებს კიდევ უფრო ამყარებს და აუცილებელს ხდის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი