ახალი ამბები

“კომენდანტის საათისას” მაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვა 130 კმ/სთ-მდე გაიზარდოს — ინჯიას ინიციატივა

5 მარტი, 2021 • 1212
“კომენდანტის საათისას” მაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვა 130 კმ/სთ-მდე გაიზარდოს — ინჯიას ინიციატივა

“ევროპული სოციალისტების” დეპუტატი ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალებზე დაწესებული სიჩქარის შეზღუდვა “კომენდანტის საათის” არსებობისას 130 კმ/სთ-მდე გაიზარდოს. ამის შესახებ ინჯიამ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის სხდომაზე მიმართა.

“საცობებმა წაიღო საქართველო და პრაქტიკულად, არ ჩანს გამოსავალი, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქ, სადაც შეიძლება, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კმ/სთ, გაიზარდოს ამ პერიოდში [“კომენდანტის საათის” არსებობისას] 130 კმ/სთ-მდე”, — განაცხადა ინჯიამ.

ამასთან, ინჯიამ გომელაურს მიმართა კითხვით, იგეგმება თუ არა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებისთვის გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყოს, რადგან “ეს ავტობუსები თავის დროზე ვერ ჩადიან [დანიშნულების ადგილზე]”. ინჯიას ინიციატივით, საქალაქთაშორისო ტრანპსორტის მგზავრებს სამგზავრო ბილეთების საშვად გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი