ახალი ამბები

დღეს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია იმაზე საუბარი, როგორი გზით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე — სამადაშვილი

4 მარტი, 2021 • 594
დღეს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია იმაზე საუბარი, როგორი გზით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე — სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამ ეტაპზე არასწორად მიიჩნევს ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე საუბარსა და “რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას”. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

სამადაშვილის პოსტს წინ უძღოდა დისკუსია ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებშიც განიხილავდნენ, მიზანშეწონილია თუ არა, ოპოზიცია კომპრომისის სახით ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას დათანხმდეს.

საუბარია პლებისციტზე, რომლის ჩატარების შემთხვევაშიც მოქალაქეებს ჰკითხავენ, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები. 4 მარტის ვიდეომიმართვაში ეს იდეა მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე სამადაშვილი დასძენს:

“არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შედგება თუ არა [შარლ] მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა, საქმეს არაფერში გამოადგება.

ასევე, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მოლაპარაკებების პროცესში წარმატების გარანტიაა. წარმატება კი პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება, მათ შორის საარჩევნო რეფორმისაც”.

ვინ რას ამბობს პლებისციტზე

ერთ-ერთი პირველი, ვინც მიმდინარე დღეებში პლებისციტი ახსენა, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე იყო. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ  თქვა, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ კომპრომისულ ნაბიჯად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხზე პლებისციტის ჩატარების წინადადება დააყენოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე.

4 მარტს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ მისი აზრით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის მოდელს არ უნდა დათანხმდეს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ხელისუფლებამ პლებისციტი რომც წააგოს, მას კიდევ რამდენიმე თვე ექნება ამომრჩევლების მოსასყიდად და დასაშინებლად.

აღნიშნულის შემდეგ საკუთარი მოსაზრებები სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ პლებისციტი შესაძლოა იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი გზა. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ პარტიამ უნდა მიიღოს და შემდეგ ოპოზიციამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კომპრომისის სახით მართლაც შეიძლება პლებისციტის გამართვა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ჰკითხავენ, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები.

“ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას უკვე შეთავაზებული აქვს, ვგულისხმობ სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებებს.

ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში” ,- თქვა ბოკერიამ სააკაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა ელენე ხოშტარიაც. მან ფეისბუქზე დაწერა:

“არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის.

მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს.

“ჩემი აზრია, რომ არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე” — სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი