ახალი ამბები

ბოკერია: ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდეს პლებისციტს

4 მარტი, 2021 • 767
ბოკერია: ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე დათანხმდეს პლებისციტს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის საერთო მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და კომპრომისის სახით პლებისციტის გამართვასაც განიხილავენ, სადაც ამომრჩევლებს დაესმებათ კითხვა, სურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ამას თან უნდა ახლდეს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება, ისევე, როგორც საარჩევნო სისტემის რეფორმირება. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ახლა მთავარია “ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს”:

“ევროპული საქართველოს და ყველა პარტიის, მათ შორის ენმ-ის პოზიცია იყო ამ დრომდე და  რჩება, რომ ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციაზე პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს დაესმება კითხვა, სურთ თუ არა ახალი არჩევნები.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას უკვე შეთავაზებული აქვს, ვგულისხმობ სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებებს. ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში” ,- ამბობს გიგა ბოკერია.


დღეს, 4 მარტს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის მოდელს არ უნდა დათანხმდეს.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და რომც წააგოს ხელისუფლებამ პლებისციტი, კიდევ ექნებათ რამდენიმე თვე ამომრჩევლების მოსასყიდად და დასაშინებლად.

ვრცლად წაიკითხეთ:

“ჩემი აზრია, რომ არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე” — სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი