ახალი ამბები

მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს — ხოშტარია

4 მარტი, 2021 • 1383
მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს — ხოშტარია

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ პრინციპულ საკითხებზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა და მიხეილ სააკაშვილის 4 მარტის ვიდეომიმართვასაც გამოეხმაურა.

“არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს”, — აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

მანამდე, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ მისი აზრით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის მოდელს არ უნდა დათანხმდეს.

საუბარია პლებისციტზე, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ჰკითხავენ, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ხელისუფლებამ პლებისციტი რომც წააგოს, მას კიდევ რამდენიმე თვე ექნება ამომრჩევლების მოსასყიდად და დასაშინებლად.

ვინ რას ამბობს პლებისციტზე

სააკაშვილის მიმართვას წინ უძღოდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმიანა. ვაშაძის თქმით, შესაძლოა, ოპოზიციამ კომპრომისულ ნაბიჯად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხზე პლებისციტის ჩატარების წინადადება დააყენოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე.

პლებისციტის საკითხზე შეფასებები სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდანაც გაისმა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ პლებისციტი შესაძლოა იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი გზა. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ პარტიამ უნდა მიიღოს და შემდეგ ოპოზიციამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კომპრომისის სახით მართლაც შეიძლება პლებისციტის გამართვა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ჰკითხავენ, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები.

“ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას უკვე შეთავაზებული აქვს, ვგულისხმობ სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებებს.

ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში” ,- თქვა ბოკერიამ სააკაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ.

“ჩემი აზრია, რომ არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე” — სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი