ახალი ამბები

გოცირიძე: მიმაჩნია, პლებისციტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა რიგგარეშე არჩევნებისთვის

4 მარტი, 2021 • 1341
გოცირიძე: მიმაჩნია, პლებისციტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა რიგგარეშე არჩევნებისთვის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში აცხადებს, რომ მისი აზრით, პლებისციტი შესაძლოა იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევის ერთ-ერთი გზა. თუმცა აღნიშნავს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ პარტიამ უნდა მიიღოს და შემდეგ ოპოზიციამ.

გოცირიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად რამდენიმე გზა არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე პლებისციტიც იყო. თუმცა პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა:

“ორი გზა არსებობს: ერთი, პირდაპირ დანიშვნა რიგგარეშე არჩევნების; მეორე, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ, რასაც ხელისუფლება ახლა ეშმაკურად გვთავაზობს, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები განვიხილოთ პლებისციტად და თუ მოვიგებთ, არ იქნება არჩევნები და თუ წავაგებთ, კიო.

გამორიცხულია ამაზე საერთოდ საუბარი. …და მესამე, პლებისციტი, რომელიც ოპოზიციას არ უარყვია, მაგრამ ამ შეთავაზებიდან გავიდა დიდი დრო, ე.წ. მეხუთე რაუნდი არ შედგა და ჩაიშალა, ამის შემდეგ მოხდა შტურმი პარტიის ოფისზე, დააპატიმრეს ნიკა მელია და ხელისუფლება წავიდა აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებზე. პლებისციტის საკითხს ოპოზიცია განიხილავს, თუმცა ერთ-ერთი გზა რიგგარეშე არჩევნებისა, ბუნებრივია, იქნება პლებისციტის ირგვლივაც საუბარი”, — ამბობს რომან გცირიძე “რუსთავი 2-თან”.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა მას და მიხეილ სააკაშვილს პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მას პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად ერთ-ერთ გზად მიაჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე ჯერ ოპოზიციაში უნდა შეთანხმდნენ.

“ჩემი აზრია, რომ არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე” — სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი