ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეფასებით, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტმა საქართველოში ლიეტუვის, როგორც მედიატორის, იმიჯი საქართველოში დააზიანა.
“ბატონი ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტის შემდეგ, იძულებული ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენს, როგორც მედიატორის, იმიჯს საქართველოში ზიანი მიადგა”, – განაცხადა ნაუსედამ.
ნაუსედას თქმით, მან ცოტა ხნის წინ შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ ლიეტუვის მხარე მზადაა, “საქართველოში ჩავიდეს და რთული სიტუაციის გადაჭრაში დაეხმაროს”.
“მაგრამ დღეს ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა — შევქმნათ დაბრკოლებები”, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ლიეტუვის პრეზიდენტის კომენტარს პავილიონისი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დეპუტატმა გამოაქვეყნა ნიკა მელიას მადლობის სიტყვები, რომელიც, მისი თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის წარმომადგენელმა გადასცა, იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი წაიკითხავს მას და დაფიქრდება.
მელია მადლობას უხდის პავილიონისს. მისი თქმით, რომ არა ლიეტუველი დეპუტატის აქტიურობა, მისი საკითხი საერთაშორისო მეგობრების ყურადღების ცენტრში ასე აქტიურად არ დადგებოდა.
Nežinau kodėl, gal tėvai mane taip išmokė, gal nuolat prisimenu Adrzej Wajda “Katynės” filme pasakytus žodžius apie…
Posted by Žygimantas Pavilionis on Wednesday, 3 March 2021
ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა კი მხარი დაუჭირა “არადიპლომატიური შუამავლობისთვის” გაკრიტიკებულ პავილიონისს და თქვა: “კიდევაც რომ ვინმეს არ მოსწონებოდა, რა თქვა მან საქართველოში, ან მიეჩნია, რომ საკმარისად დიპლომატიური არ იყო, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გადადგეს პავილიონისი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან”.
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტით 20-22 თებერვალს იმყოფებოდა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც იმყოფებოდა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას შეხვდა და ოპოზიციის ლიდერის დაკავების მიუღებლობაზე ისაუბრა.
“არის არჩევანი: საქართველო წავა ლიეტუვის გზით ან ბელარუსის [გზით]. თუ ლიეტუვის გზით წავა, ვხედავ დიდ შანსს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში. თუმცა, როცა ჩვენ, ლიეტუვა, ევროკავშირსა და ნატო-ში შევდიოდით, მარჯვენაც და მარცხენაც ერთად მუშაობდა, არასდროს არავინ დაგვიპატიმრებია. თუმცა, თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, საქართველოს შანსები უბრალოდ გაქრება”, — განაცხადა მან.
ლიეტუვის მედიის ინფორმაციით, პავილიონისის თბილისში ვიზიტი ლიეტუვის სეიმის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა და მისი მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულების ხელშეწყობაა. Baltic Times-ის ცნობით, პანდემიის თანმდევი რეგულაციებიდან გამომდინარე, ლიეტუველ კანონმდებლებს საზღვარგარეთ ვიზიტები აკრძალული აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვეს.
თბილისში ვიზიტისას გაკეთებული მწვავე შეფასებების გამო პავილიონისი გააკრიტიკა “ქართულმ ოცნებამ”, ასევე, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლიეტუვაში. ოპოზიციურმა “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” პავილიონისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა მოითხოვა.
ლიეტუვა მზადაა მედიაციისთვის საქართველოში პოლიტიკური ვითარების განსამუხტად