ახალი ამბები

ლიეტუვა მზადაა მედიაციისთვის საქართველოში პოლიტიკური ვითარების განსამუხტად

26 თებერვალი, 2021 • 741
ლიეტუვა მზადაა მედიაციისთვის საქართველოში პოლიტიკური ვითარების განსამუხტად

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარს უჭერს რა საქართველოს ევროატლანტიკური გზას და დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გადალახვას, ლიეტუვა მზადაა მედიაციისთვის ყველა მხარეს შორის დიალოგისა და კონსენსუსის მოსაძიებლად.

“ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ დაიპყრო ახლად დაარსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რითაც შეაჩერა ქართველი ხალხის ამბიციური გადაწყვეტილება და სამართლიანი სურვილი, გამხარდიყვნენ საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. მოვლენების სამწუხარო განვითარებით, საქართველო მისი ნების საწინააღმდეგოდ გახდა საბჭოთა იმპერიის ნაწილი. რეპრესიებისა და იძულებითი ასიმილაციის სტანდარტულმა საბჭოთა პრაქტიკამ გამოიწვია პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის განადგურება. ამას მოჰყვა ხანგრძლივი ათწლეულების განმავლობაში ოკუპაცია, რომელიც სავსე იყო ტკივილით, ტანჯვითა და ძალისმიერი ქმედებებით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. მიუხედავად ამ ტერორისა, ხალხმა შეინარჩუნა თავისუფლების სულისკვეთება, ზოგჯერ ფარულად ან იატაკქვეშეთში, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც სანუკვარი და მტკიცედ დაცული. ოკუპაციიდან შვიდი ათწლეულის შემდეგ საქართველომ ამ სულისკვეთების აღორძინება მოახდინა, რის შედეგადაც აღდგა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა — ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოიპოვა შესაძლებლობა გამხდარიყო საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრი”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ლიეტუვას ესმის ოკუპაციისა და რეპრესიების მიერ მოტანილი უზარმაზარი ტკივილი, თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობა და სრულ თანაგრძნობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით.

“სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია. არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოძიება შესაძლებელია მხოლოდ მხარეებს შორის რეალური დიალოგის საშუალებით. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური მიზნები მოითხოვს ფართო პოლიტიკურ ერთიანობას და შეთანხმებულ ქმედებებს, მათ შორის კონსტრუქციულ და უწყვეტ დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვა აცხადებს, რომ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მის გადაწყვეტილებაში შეეწინააღმდეგოს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც დღესაც გრძელდება.

“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მის მისწრაფებებს, გახდეს ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი