ლიეტუვის სეიმის[პარლამენტის] საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისშია. ის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დეპუტატი 20 თებერვლის დილას “ევროპული საქართველოს” ოფისში იმყოფებოდა, შემდეგ კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივიდა.
ენმ-ის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ, დეპუტატმა ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ისაუბრა საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს ელის იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის დიალოგი არ დაიწყება. პავილიონისმა ლიეტუვის გამოცდილებაც ახსენა.
“მე შევხვდი ნიკა მელიას. შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობის წარმომადგენლებს და ვიტყვი ერთ რამეს: ლიეტუველები საქართველოს კარგი მეგობრები არიან. ჩვენ საქართველო ყველაზე ცუდ პერიოდშიც არ მიგვიტოვებია.
მზად ვართ მედიაციისთვის, თუმცა, დიალოგისთვის პარტნიორი გჭირდებათ, პარტნიორის დაპატიმრება კი არ შეიძლება. ვიმედოვნებთ, რომ ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება და გვექნება შესაძლებლობა, ვიყოთ შუამავლები მთავრობას, ნიკასა და მთელ ოპოზიციას შორის.
ვფიქრობ, საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან… არის არჩევანი: საქართველო წავა ლიეტუვის გზით ან ბელარუსის [გზით]. თუ ლიეტუვის გზით წავა, ვხედავ დიდ შანსს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. თუმცა, როცა ჩვენ, ლიეტუვა, ევროკავშირსა და ნატოში შევდიოდით, მარჯვენაც და მარცხენაც ერთად მუშაობდა, არასდროს არავინ დაგვიპატიმრებია. თუმცა თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, საქართველოს შანსები უბრალოდ გაქრება”, — დასძინა დეპუტატმა.
პავილიონისის თქმით, ევროკავშირსა და ნატოში “მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება”.
“თქვენი არჩევანია: იყოთ საუკეთესოები და პროცესის ლიდერები ან მსხვერპლნი შიდა და გარე შეტევებისა… დარჩებით რეგიონის სხვადასხვა ძალის წინაშე, რომლებიც დაგშლიან. თქვენ ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ, შენარჩუნდეს ეს სტატუს კვო, რომელიც არაფერს მოგიტან? ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით: ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ.
გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ სასამართლო საქმეები, რომლებიც დიალოგს ხელს არ შეუწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ”, — აღნიშნა მან.
ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ვიზიტი მხოლოდ მის მხარდაჭერას არ ემსახურება და ის, ფაქტობრივად, “ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის ხელის შეშლას” წარმოადგენს.
“კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ სახელმწიფოს შორის ის ურთიერთობა, რომელიც უკვე მრავალი წელიწადია, არსებობს. ვიზიტიცაა და ვიზიტიც. გააჩნია, როდის დაუდგები პარტნიორ სახელმწიფოს გვერდში”.
“ფაქტობრივად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ცდილობენ, რომ ქართული დემოკრატიის განადგურებას ხელი შეუშალონ. ეს ვიზიტი ემსახურება დემოკრატიის გადარჩენას და ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას”, – აღნიშნა მან.
ენმ-ის ოფისში მისვლამდე, ლიეტუველი დეპუტატი “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს შეხვდა.
“დღეს საქართველოში ჩამოვიდა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, ლიეტუვის ყოფილი ელჩი აშშ-ში, ჟიგიმანტას პავილიონისი. ის, ისევე როგორც საქართველოს სხვა მეგობრები, შეშფოთებულია ამ სიტუაციით და პირველ რიგში, მოწოდებულია, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს.
ამ კრიზისის განმუხტვა პირველ რიგში სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მომავალ წელს მოდის ნატოს სამიტი, საქართველოს აქვს ეროვნული ამოცანები. მთავრობა კი არ ფიქრობს მათ შესრულებაზე, მაგრამ ჩვენ ეს ამოცანები ძალიან გვაღელვებს. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვის… მოინახოს გზები ამ სიტუაციის განმუხტვისთვის”, — უთხრა ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა.
პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, კრიზისის განსამუხტად აუცილებელია “სვლა ნორმალური ვადამდელი არჩევნებისკენ, პოლიტიკური დევნის დასრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება”. მისი განცხადებით, ამ საკითხებს პარტია შეხვედრაზეც შეეხო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პავილიონისის თბილისში ვიზიტი ლიეტუვის სეიმის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა და მისი მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულების ხელშეწყობაა. Baltic Times-ის ცნობით, პანდემიის თამდევი რეგულაციებიდან გამომდინარე, ლიეტუველ კანონმდებლებს საზღვარგარეთ ვიზიტები აკრძალული აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვეს.
მანამდე, 18 თებერვალს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა მივიდა და პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.