ახალი ამბები

ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი — ღარიბაშვილი

4 მარტი, 2021 • 1571
ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნამახვანის ჰესის მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ამიტომ მან ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილის ჰესის მშენებლობის ადგილზე ჩასვლა დაავალა.

“მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს, მათ მიერ გამოთქმულ წუხილს, რომელიც მოსახლეობაში გაჩნდა. კითხვები, ბუნებრივია, არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრებისგანაც გაეცეს პასუხი.

ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ და დაიწყეთ თქვენ აქტიური და უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები. ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მოწვევით პარლამენტშიც შეიძლება გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით არსებული პროგნოზებით, ქვეყანაში ყოველ წელს 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა.

“კარგად მოგვეხსენება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გამოწვევას უნდა ვუპასხუხოთ ადეკვატურად. ისიც  კარგად მოგეხსნებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის  მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ საზოგადოებაში არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პროტესტი ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ

ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე 4 თვეზე მეტია, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

რამდენიმე დღის წინ, 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა ამ პროექტის წინააღმდეგ, რასაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა დაესწრო.

საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალგაზრდა ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ, რათა მშენებლობა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ქალაქ ქუთაისის პიკეტირება დააანონსა.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს თურქული კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი“).

ადგილობრივებთან/მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის- EMC, საია, „მწვანე ალტერნატივა“, რომლებიც პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის არსებობაზე მიუთითებენ.

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი