არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) 2020 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს.
ანგარიშში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სასამართლოს მუშაობა პანდემიის პირობებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართელეების შერჩევასთან დაკავშირებული ცვლილებები, საკადრო ცვლილებები, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების საქმეები, საარჩევნო დავები და სხვა.
გამოწვევები პანდემიის პირობებში
ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წელს პანდემიის პირობებში მართლმსაჯულების სისტემის დისტანციურ რეჟიმში გადასვლა მრავალ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული.
GDI- მიიჩნევეს, რომ არსებულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისა და პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების ტექნიკურმა გაუმართაობამ, მხარეთა გამოუცდელობამ (მსგავსი სერვისების გამოყენებაში) და სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულის საკუთარ წარმომადგენელთან კომუნიკაციის გართულებამ უარყოფითი გავლენა იქონია სასამართლო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.
“რიგ სხდომათა გადადებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ისედაც გადატვირთული სასამართლო სისტემა. ხოლო სასამართლო სხდომებზე მონიტორების დასწრების შეზღუდვა უარყოფითად აისახა სასამართლოს გამჭვირვალობაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
GDI-ს თქმით, დისტანციურად გამართული სხდომების მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა არაერთი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ჯეროვან სარგებლობაზე.
ხარვეზებს შორის, რომელიც ორგანიზაციის ანგარიშშია ასახული, არის:
-
- გამართული/საკმარისი ინფრასტრუქტურის არარსებობა;
- მოწმეთა დაკითხვის პროცესში სასამართლოს მხრიდან მოწმეთა სანდოობის გადამოწმება (მაგ. შესაძლო ზეგავლენა, წინასწარ დაწერილი ტექსტის წაკითხვა), ხოლო საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირების პროცესში მონაწილეობისას, მათ ნებაზე ზემოქმედებისგან დაცვის საკითხი;
- პროცესში დისტანციურად მონაწილე ბრალდებულსა და მის წარმომადგენელს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის შეუძლებლობა;
- პროცესში დისტანციურად მონაწილე პირებისათვის პროცესის მონაწილე სხვა პირებზე დაკვირვება და მათი საუბრის აღქმა;
- არათანმიმდევრული პრაქტიკა პროცესზე დამკვირვებლების/მონიტორების დასწრებასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც, შექმნილი ვითარების გამო სხდომების დისტანციურად გამართვა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევა, სახელმწიფო ვალდებულია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოს დისტანციურად გამართულ სხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ცვლილებები უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესში
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებათა პაკეტი დამტკიცდა, რომელიც მიუხედავად რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, საერთო ჯამში, უარყოფითად შეფასდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ.
GDI-ს თქმით, საყურადღებოა, რომ ცვლილებების პაკეტში გათვალისწინებული არ იყო ვენეციის კომისიის 2019 წლის დასკვნაში არსებული შენიშვნები. საქართველოს პარლამენტმა ის ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.
კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, პრაქტიკაში აღნიშნული ნორმების გამოყენების შედეგად არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. GDI-iს თქმით, ამ კუთხით საყურადღებოა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეუთო/ოდირის შეფასების ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის ბოლოდროინდელი რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, თუმცა სამართლებრივი ჩარჩო არ არის პრევენციული ხასიათის მატარებელი, პროცესზე მიკერძოებული პოლიტიკის გავლენის წინააღმდეგ და არ იძლევა გარანტიას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ობიექტური, დამსახურების შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
ორგანიზაციის განცხადებით, საკანონმდებლო ჩარჩოში რჩება რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზებისა, რომელიც საფრთხეს უქმნის დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს, მათ შორისაა ფარული კენჭისყრის გამოყენება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების ნაკლებობა, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით არასრულფასოვნად გაწერილი დებულებები, თვითნებური გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ გარანტიების არარსებობა, პარლამენტისთვის შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება და ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარანტიის ნაკლებობა.
საკადრო ცვლილებები სასამართლო სისტემაში
GDI-ის თქმით, 2020 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, რომელსაც, ორგანიზაციის განცხადებით, საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისათვის ბრძოლაში თავისი კრიტიკული შეფასებებისა და სასამართლო სისტემის მანკიერებებზე ღიად საუბრით.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამასთან, იუსტიციის საბჭოს წევრებად არჩეული იქნენ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან აფილირებული პირები, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ ჯგუფის ინტერესების გამტარებელად მოიაზრებიან.
“ამრიგად, მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა საპარლამენტო არჩევნებამდე მოახერხა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თანამდებობების დაკავება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, ანგარიშის ავტორების განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და შემდგომში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც სასამართლო სისტემაში მოქმედ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული პირი, ნინო ქადაგიძე გახდა, რომლის სახელი, GDI-ს თქმით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებულ ე.წ. „მოსამართლეთა 10-კაციან სიაშიც“ ფიგურირებდა.
გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, ამ სასამართლოს პალატების თავმჯდომარეებად არჩეული არიან ამჟამად მოქმედი ხელისუფლებისა თუ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენელი/მასთან აფილირებული პირები:
“აღნიშნული ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის თანამდებობა სწორედ ამ ჯგუფს უკავია, რაც ზეგავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობას ეჭვქვეშ აყენებს და ამცირებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას”, – ვკითხულობთ ანგარიშსი.
ამასთან, GDI-ის განცხადებით, 2020 წელს ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, დახურულ კარს მიღმა, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2 მოსამართლე დანიშნა, რომელთაც წარსულში გარკვეული შემხებლობა/კავშირი ჰქონდათ სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ ჯგუფმა მოახერხა თავისი გავლენების გავრცელება და გამყარება არა მხოლოდ უზენაეს სასამართლოში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოშიც, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობდა.
GDI-ს შეფასებით, აღნიშნული ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია და არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილებები მომავალში მნიშვნელოვნად დააზიანებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციასა და გადაწყვეტილებების ხარისხს.
ამასთან, 2020 წელი აქტიური იყო პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა გადაადგილების თვალსაზრისითაც, რასაც ორგანიზაცია, დიდი ალბათობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
“აღნიშნული გადაადგილება შესაბამისი კანონმდებლობის ხარვეზების ბოროტად გამოყენების საფუძველზე ხორციელდებოდა სასამართლოების/პალატების/კოლეგიების ისეთი პირებით დასაკომპლექტებლად, რომლებიც აფილირებულნი არიან კლანთან, ან მათ მიმართ კლანის მიერ გამოცხადებული ნდობა ცალსახად მიუთითებს ამ მოსამართლეების კლანთან კავშირსა და მათ მიმართ ლოიალურობაზე” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მნიშვნელოვანი საქმეები
ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში და მანამდეც, 2019 წლის ივნისის აქციების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ წარმართული სასამართლო პროცესები, მათი განხილვის ვადების, გამოძიების დაწყების მომენტისა და ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, აჩენდა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის განცდას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო აქტივისტთა ნაწილი სხვადასხვა დროს განსხვავებულ ლოკაციებზე მართავდა საპროტესტო აქციებს და ამ გზით გამოხატავდა პროტესტს სახელისუფლებო უმრავლესობის მოქმედებების მიმართ. GDI-ს განცხადებით, საპროტესტო მუხტის ჩასახშობად ხელისუფლებამ საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მოქმედი კანონმდებლობის არაკეთილსინდისიერი განმარტება გამოიყენა:
“მიუხედავად, იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამგვარი მოქმედება აშკარა საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას და მიმართულია საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი მასის გასაჩუმებლად, სასამართლო იზიარებდა სამართალდამცავების მიერ მიცემულ ჩვენებებს და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სხვადასხვა სიმძიმის სანქციებს იყენებდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორების თქმით, კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების დაკავებისა და დაჯარიმების არაერთი მაგალითი ვიხილეთ 2020 წლის ნოემბერშიც, როდესაც კომენდანტის საათის საწინააღმდეგო აქციაზე ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, პარლამენტის წინ გასათბობად შეშა მიეტანათ.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მაშინ განმარტა, შეშის მიტანა სამართალდამცავებმა იმიტომ არ დაუშვეს, რომ მას შეიძლებოდა საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის . GDI მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტი ცალსახად მიუღებელია, რადგან შეშა არ წარმოადგენს ისეთ საგანს, რომელზეც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვა შეიძლება გავრცელდეს.
მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც შეშის მიტანას ცდილობდნენ, მოგვიანებით კი სასამართლომ ორ დაკავებულს ჯარიმა, ერთს კი 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე.
ორგანიზაციის თქმით, აქტივისტები ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2020 წლის 28 ნოემბერსაც. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრას, კონკრეტულად კი, რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის დემონსტრაციას ქართველი ნაციონალისტების ანტირუსული პროვოკაცია უწოდა.
“სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნულ მანკიერ პრაქტიკასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსაც, რომელიც 8 ნოემბერს საქართველოში იმყოფებოდა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც მოისმინა სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობის მცდელობებზე სასამართლომ ადეკვატურად შეძლოს რეაგირება.
GDI-ს განცხადებით, სამართალდამცავთა მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილე პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების გამოყენების მანკიერ პრაქტიკას სწორედ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვაზე ორიენტირებულმა სასამართლომ უნდა შეუშალოს ხელი.
ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ საპარლამენტო არჩევნების წლის დასაწყისში ოპოზიციური სპექტრის ლიდერთა ნაწილი ჯერ კიდევ საპატიმრო დაწესებულებებში რჩებოდა.
პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ კიდევ 2019 წლის 25 ივლისს დააკავა პოლიციამ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის (სსკ 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილი) საფუძვლით.
მის დაკავებას მალევე მოჰყვა საუბარი იმაზეც, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ხელისუფლების მიმართ მის კრიტიკულ განწყობას და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელობაზე პრეტენზიის გამოთქმას უკავშირდებოდა. ციხეში ყოფნის პერიოდში, კერძოდ, 19 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი კიდევ ერთ საქმეზე წაუყენეს. ბრალდება შეეხებოდა 2004 წელს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
“პროცესების ამგვარი განვითარება კიდევ უფრო ამძაფრებდა ეჭვს პროკურატურის, როგორც პოლიტიკური ოპონენტების სადამსჯელო ინსტრუმენტის, გამოყენებასთან დაკავშირებით. GDI-მ ეს საქმეც ყურადღებით შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლოს იმჟამინდელ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. საბოლოოდ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ისევე, როგორც გიგი უგულავამ, საპატიმრო დაწესებულებები პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე 2020 წლის 15 მაისს დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი პირადი სურვილიდან გამომდინარეობდა, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ეს ყველაფერი მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაჟღერებულ მოწოდებებთან იყო კავშირში” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებად შეაფასა GDI-მ სხვა არასამთავრობო ორანიზაციებთან ერთად 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტიის ლიდერს საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2020 წელს სასამართლო სისტემის სხვადასხვა დონეზე გაგრძელდა პოლიტიკური პარტიების ლიდერების არაერთი საქმე. მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდების და ნიკა მელიას წინააღმდეგ წარმოებული საქმეები.
ორგანიზაციის განცხადებით, საყურადღებოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, საქართველოს პროკურატურას, ვადის გასვლიდან თვენახევრის განმავლობაში, რეაგირება არ მოუხდენია და საქმეს მსვლელობა მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვალს მისცა.
შედეგად, 2021 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე მოუწია მსჯელობა და პოლიტიკოსს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება 23 თებერვალს, დილის 7:30 საათზე, საპოლიციო ძალის გამოყენებით აღსრულდა.
ორგანიზაციაში იაცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ ყოფილან ერთადერთი, რომელთა წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც მიკერძოებულობის ნიშნებს შეიცავდა.
კერძოდ, GDI აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, სამართალწარმოების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და არსებული კონტექსტი აჩენდა საფუძვლიან ეჭვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას (ე.წ. კარტოგრაფების) საქმე, რაზეც სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ინტერვიუების დროს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებს.
საარჩევნო დავები
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობა არჩევნების დღესაც შენარჩუნდა და კვლავაც არ კარგავს აქტუალობას.
ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უარს ამბობს მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობით გამოირჩეოდა, ორგანიზაციის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ის მაინც არ ასახავდა ამომრჩევლის ნებას.
კერძოდ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავორობო ორგანიზაციების განცხადებით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებას, შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დაუცველობასა და სხვა დარღვევებს, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ მოცემულობაში განსაკუთრებული როლი მიენიჭა სასამართლოს. GDI-ს თქმით, პოლიტიკური პარტიები, გაერთიანებული რესურსით, და სადამკვირვებლო ორგანიზაციები აქტიურად მიმართავდნენ კანონით დადგენილ ზომებს და სხვადასხვა საარჩევნო უბნის მონაცემებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოში ასაჩივრებდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, საჯაროდ იდებოდა კანონდარღვევის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა, საერთო სასამართლოებმა საჩივართა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დააკმაყოფილეს, რამაც ვერ უზრუნველყო ამომრჩეველთა ხმების დაცვა.
რეკომენდაციები:
2020 წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი რეკომენდაციების/ცვლილებების განხორციელება:
- დისტანციურ პროცესებზე მონიტორთა შეუფერხებლად დასწრების უზრუნელსაყოფად კანონმდებლობაში მკაფიო ჩანაწერის გაკეთება, რაც გამორიცხავს საკითხის მოსამართლის შეხედულებისამებრ გადაწყვეტასა და არათანმიმდევრული პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
- სხდომის დარბაზების/პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი ოთახების აღჭურვა სათანადო ტექნიკითა და ინტერნეტკავშირით, რაც ხელს შეუწყობს პროცესში დისტანციურად მონაწილე პირების შეუფერხებლად ჩართვას და მათ მიერ სხდომის დარბაზში მყოფი პირებისა და მიმდინარე პროცედურების სათანადოდ აღქმას. ასევე, მოსამართლეებს შესაძლებლობას მისცემს დარწმუნდეს/გადაამოწმოს პროცესში მონაწილე პირების სანდოობა და მათზე ზეგავნელის მოხდენის რისკების აღმოფხვრას;
- ადვოკატსა და ბრალდებულს/მსჯავრდებულს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- იმ სოციალური ჯგუფებისათვის (ასაკოვნები, სოციალურად დაუცველები) სრულფასოვნად ჩართვის უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით), რომლებსაც შესაძლოა არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები ან/და ტექნიკური მოწყობილობები;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის დახვეწა/შეცვლა იმგვარად, რომ ა) გამოირიცხოს მოსამართლეთა კონფერენციაზე ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფზე დომინირება, გავლენის სფეროების ცენტრალიზება და შესაძლებლობა მიეცეს უმცირესობაში მყოფ მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში გათვალისწინებულ იქნეს მათი პრეფერენციები; ბ) უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტის მიერ კანდიდატის დანიშვნის პროცესის ღიაობა და საჯაროობა, ასევე, მათი დანიშვნა განხორციელდეს უფრო მაღალი კონსენსუსით;
- პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში/პალატებში/კოლეგიებში/ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა გადაადგილებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გამორიცხავს ხარვეზების ბოროტად გამოყენების შედეგად სასამართლო სისტემისადმი ნდობის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაცული იქნეს საჯაროობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნა და ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებისა და დღის წესრიგის შესახებ განთავსდეს მის ოფიციალურ ვებგვერდზე კანონდებლობით დადგენილი ვადების დაცვით.
ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.