ახალი ამბები

ძალიან მკაცრი წესები გვაქვს, მარტო დასავლურ ვაქცინას ველოდებით – იმნაძე ვაქცინაციის დაგვიანებაზე

2 მარტი, 2021 • 1030
ძალიან მკაცრი წესები გვაქვს, მარტო დასავლურ ვაქცინას ველოდებით – იმნაძე ვაქცინაციის დაგვიანებაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაგვიანების ერთ-ერთ მიზეზად “მკაცრ კანონებს” ასახელებს. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

იმნაძის თქმით, საქართველოში მხოლოდ დასავლურ ვაქცინას ელოდებიან და უარს ამბობენ, მაგალითად, ჩინურ ვაქცინაზე, რომლის გამოყენებაზეც რამდენიე თვის წინ თენგიზ ცერცვაძე საუბრობდა.

” ჩვენ ველოდებით მარტო დასავლურ ვაქცინას და უნდა იყოს ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა. ძალიან მკაცრი წესები გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ქვეყანას აქვს ძალიან მკაცრი კანონები ვაქცინასთან დაკავშირებით. მაგალითად, იგივე უნგრეთმა, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ დაბალგანვითარებული ქვეყანაა, შეცვალა მკაცრი კანონები და მიიღო, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, სხვათა შორის, რუსულსაც კი იღებს, ევროკავშირის ქვეყანაა[…] ჩინურ ვაქცინაზე ჩვენ რომ ვთქვით დაახლოებით ორი თვის წინ, რომ მზად ვართ ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვიტანოთ-მეთქი, რა ამბავი ატყდა, არ გახსოვთ?”, — ამბობს იმნაძე.

ამასთან, იმნაძე ვაქცინაციის პროცესში თავის შეცდომად სწორედ ჩინურ ვაქცინაზე უარის თქმას ასახელებს.

“არ ვიყავი ბოლომდე ის, რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო აცრები ქვეყანაში”, — ამბობს იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი