ახალი ამბები

რიგგარეშე არჩევნების ვადებზე საუბარი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ამას ღარიბაშვილი დათანხმდა – ბაქრაძე

2 მარტი, 2021 • 925
რიგგარეშე არჩევნების ვადებზე საუბარი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ამას ღარიბაშვილი დათანხმდა – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის შემდგარი შეხვედრის დეტალების შესახებ ჰყვება.

როგორც ბაქრაძემ “ტვ პირველის” ეთერში თქვა, შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც რიგგარეშე არჩევნებზე, ასევე, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. თუმცა, ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არ შემდგარა და ღარიბაშვილი ამას არ დათანხმებია.

“დღეს დავინახეთ პირდაპირი მცდელობა შემოატრიალონ ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით. პირდაპირ ვიტყვი, რა იყო ტყუილები. პირველი ტყუილი — რომ იქ საუბარი არ იყო რიგგარეშე არჩევნებზე. ყველა გამომსვლელმა ისაუბრა იქ რიგგარეშე არჩევნებზე. პლებისციტზეც იყო საუბარი, კონრეტულ მექანიზმზე, როგორ შეიძლება მივიდეთ არჩევნებამდე და ვადებზე იყო საუბარი, როდის შეიძლება არჩევნები იყოს, როდის შეიძლება პლებისციტი იყოს. იქ შეთანხმება შინაარსზე არ შემდგარა. ვერ ვიტყვი, რომ ამას ღარიბაშვილი დათანხმდა. ოღონდ ის, რომ საუბარი არ ყოფილა, არის ტყუილი. არათუ თემა იყო ნახსენები, მექანიზმებზე, დროზე და ვადაზე იყო საუბარი არჩევნების.  ისე როგორც პოლიტიკური პატიმრების, არათუ ნახსენები იყო გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი, ამით იწყებდა იქ ყველა გამომსვლელი და იყო კონკრეტული საუბარი იყო აქაც მექანიზმებზე, როგორ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები”, — განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ტყუილია ისიც, რომ შეხვედრაზე განხილული ჩარჩო-საკითხები არ უნდა გასაჯაროებულიყო. როგორც ბაქრაძე ამბობს, თავად მიშელთან იყო შეთანხმებული, რომ დოკუმენტის შინაარსი საჯარო იქნებოდა.

“ტყუილი ნომერი ორი — იქ თითქოს შეთანხმება შედგა, რომ იქ თითქოს შეთანხმება შედგა იმაზე, რომ ამ დოკუმენტის შინაარსი არ გასაჯაროვდებოდა. ეს საკითხი დააყენა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ იქნებ არ გავასაჯაროოთო. პასუხის გაცემა არ გვაცადა პრეზიდენტმა მიშელმა, თვითონ უპასუხა, სიცილით უთხრა, რომ ბრიუსელში, როცა 14 ადამიანია მოლაპარაკებაზე, წარმოუდგენელია, რომ დოკუმენტის შინაარსი არ გასაჯაროვდეს და აქ როგორ აპირებ ამის დამალვასო. სიცილით უთხრა. მერე უთხრა, ეს დოკუმენტი ჩემი შედგენილია და ნუ შეგეშინდებათ გასაჯაროებაო. შეთანამხება იყო პირიქით, რომ შინაარსი გარეთ გავიდოდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძე აღნინშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეხვედრის შედმეგ არ შედგენილა და ის შეხვედრაზე თავად შარლ მიშელმა მიიტანა.

“ტყუილი ნომერი მესამე — დოკუმენტის დაკნინების მცდელობა, რომ ოპოზიციის სურვილებია ჩამოწერილიო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავისი დაწერილი დოკუმენტი დაგვირიგა იქ. დაწერილი დოკუმენტი მოგვიტანა, ამობეჭდილი დოკუმენტი მოიტანა. იმიტომ, რომ ეს არის ევროკავშირის ხედვა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხედვა, რა საკითხები უნდა გადაწყდეს იმისათვის, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან. ამიტომ ადამიანმა მოიტანა დოკუმენტი არა იმიტომ, რომ ჩვენ მერე ვახსენეთ ნიკა მელია და რიგგარეშე არჩევნები, თავიდანვე ეწერა. იმიტომ, რომ იმ ადამიანმა იცის, რომ თუ ამ საკითხებზე არ ვილაპარაკეთ და არ შევთანხმდით, კრიზისიდან ვერ გამოვალთ”, — განაცხადა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი