ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სარქისიანმა გასპრიანის გადაყენებას ხელი მეორედ არ მოაწერა და საკონსტიტუციოს მიმართავს

2 მარტი, 2021 • 663
სარქისიანმა გასპრიანის გადაყენებას ხელი მეორედ არ მოაწერა და საკონსტიტუციოს მიმართავს

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს პრეზიდენტ არმენ სარქისიანის განცხადებას, რომელიც ადასტურებს, რომ ის არ აწერს ხელს ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გადაყენების შესახებ.

ამის შემდეგ, სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, გასპარიანი თანამდებობიდან მაინც გათავისუფლდება — სავარაუდოდ, 4 თებერვალს.

სარქისიანი ამ გარემოების გამო აცხადებს, რომ აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და გაასაჩივროს კანონი „სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურეების შესახებ“.


25 თებერვალს გავრცელდა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის წერილი, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ აღარ ემორჩილებოდნენ ნიკოლ ფაშინიანს და მის გადადგომას მოითხოვენ.

სამხედროების განცხადებას წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატურიანის გადაყენება.

ხაჩატურიანმა, როგორც სომხური მედია იუწყება, „სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ“.

საუბარია ფაშინიანის განცხადებაზე, სადაც მან რუსული სარაკეტო სისტემა „ისკანდერი“ გააკრიტიკა და მას გამოუსადეგარი უწოდა.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაჩატრიანის გადაყენების შუამდგომლობით პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს მიმართა, რომელმაც ამ უკანასკნელის გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

სამხედროების მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა ახლა უკვე გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის გადაყენების შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტს არმენ სარქისიანს;

სარქისიანმა ამ შუამდგომლობას ხელი აღარ მოაწერა. 28 თებერვალს, სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ფაშინიანმა კვლავ მიმართა სარქისიანს იმავე შუამდგომლობით, რასაც რეზიდენტმა ისევ არ მოაწერა ხელი.

25 თებერვლიდან მოყოლებული, ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა. ქალაქში სხვადასხვა ადგილას იმართება მთავრობისა და ოპოზიციის მომხრეთა აქციები. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია.

გირჩევთ წაიკითხოთ:

რა არის გამოსავალი სომხეთის კრიზისიდან – ინტერვიუ არსენ ხარატიანთან

მასალების გადაბეჭდვის წესი