ახალი ამბები

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიშელის წასლის შემდეგ ღარიბაშვილის რიტორიკა შეიცვალა

2 მარტი, 2021 • 730
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიშელის წასლის შემდეგ ღარიბაშვილის რიტორიკა შეიცვალა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა კვლავ შეიცვალა.

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები განმარტავენ, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო 6-პუნქტიან დღის წესრიგზე, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა განსახილველ საკითხს, მათ შორის პოლიტპატიმრების თემას და ვადამდელ არჩევნებს.

დღეს კი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება, ხოლო მელიას საქმეზე  – „ვერ ჩავერევევით კანონის აღსრულებაში“.

ამ განცხადებას ოპოზიციაში აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მიშელის წასვლის შემდეგ ღარიბაშვილის რიტორიკა მალევე შეიცვალა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ შედეგებს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისგან, იმ საკითხებზე, რომლებიც იყო შეთანხმების ჩარჩოში. მათ შორის არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.

„ის რიტორიკა, რომელიც დღეს ღარიბაშვილს ჰქონდა, არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რომელიც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – რაც აზიანებს არამხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ქვეყანას და ეს არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა. ჩვენი პარტიის უპირიელესი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ მელია უპირობოდ უნდა იყოს გათავისუფლებული და ვადამდელ არჩვევნებზე უნდა დაიწყოს საუბარი“, – ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძის მსგავსად, შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს ნინო ბურჯანაძეც. ის აცხადებს, რომ შარლ მიშელის თანდასწრებით ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია – „როგორც მინიმუმ ერთი და იგივე უნდა ილაპარაკო მედიატორის თანდასწრებითაც და მისი წასვლის შემდეგ“.

„ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ეს ადამიანები სანდოები არ არიან“, – ამატებს ბურჯანაძე.

სხვა პარტიების მსგავსად, შეცვლილ განცხადებებზე საუბრობს პარტია „სამართლიანობის“ ლიდერი ეკა ბესელიაც:

„პრემიერის დღევანდელი რიტორიკა იყო ცოტა შემაშფოთებელი. ჯერ კიდევ წასული არ იყო სტუმარი, როდესაც მიაყოლა პრემიერმა ჩვეული რიტორიკა, რაც ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს. მომიზეზება იმისა, რომ აქტივისტები სხვადასხვა აქციებს მართავენ – არ შეიძლება არგუმენტად გამოდგეს. ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებშია და ამაში არაკონსტიტუციური არაფერია“, – ამბობს ის.


თავის მხრივ „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს ოპოზიციას  მოლაპარაკებების განახლების ფონზე პარლამენტთან აქციების გაგრძელების გამო.

კალაძე ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ გამოიხატა  მოლაპარაკებების განახლების მზაობა, თუმცა აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციის მხრიდან ისევ რადიკალიზაცია და დესტრუქცია მიიღეს.

კალაძე: გუშინ საუბარი დაიწყო და დღეს ოპოზიციის მხრიდან ისევ მივიღეთ დესტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი