ახალი ამბები

ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება – ღარიბაშვილი

2 მარტი, 2021 • 526
ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან გუშინ, პირველ მარტს, გამართული შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხს “ქართული ოცნება” არ განიხილავს, თუმცა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავების საკითხს, პრემიერი აცხადებს, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდის შემთხვევაში გათავისუფლდება და მთავრობა კანონის აღსრულების საკითხში ვერ ჩაერევა.

“ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გამოშვებას, ჩემი პოზიცია იყო და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ არ და ვერ ჩავერევევით კანონის აღსრულებაში. მეორე, ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს შესაძლებლობა  აქვთ იმისი, რომ ნებისმიერ დროს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო. თუ მათ ინტერსებში რეალურად შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, სანამ საბოლოო განაჩენი იქნება საქმეზე, ციხიდან გამოიყვანონ.

ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. ეს არის წითელი ხაზი და ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. გუშინ ოპოზიციასთან შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში. თუ პარტიებს რეალური დიალოგის დაწყება სურთ, ჩვენ ამისთვის შესაბამისი ფორმატი გავხსენით და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს ფორმატი”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

გუშინ, პირველ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. “ქართული ოცნებიდან” შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტისაბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ გახდებოდა ცნობილი ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები.

მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი