ახალი ამბები

შესაძლოა, პარლამენტში ნამახვანი ჰესის საკითხზე მინისტრები დაიბარონ

2 მარტი, 2021 • 1791
შესაძლოა, პარლამენტში ნამახვანი ჰესის საკითხზე მინისტრები დაიბარონ

მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, პარლამენტში სხვადასხვა პროფილის მინისტრი დაიბარონ ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეა ჰესის წინააღმდეგ მზარდი სპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ნამახვანის ჰესის პროექტი 2 მარტს პარლამენტში თავდაპირველად ახსენა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და ხელისუფლებას/პარლამენტს მოუწოდა, ესაუბრონ მოსახლეობას ამ საკითხზე და პასუხები გასცენ მათ კითხვებს, ხოლო თუ ამ კითხვებზე პასუხები არ იარსებებს, ჰესი არ ააშენონ.

მოგვიანებით ნამახვანის შესახებ ისაუბრა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ ქუთაისიდან — ქალაქიდან, სადაც ნამახვნის წინააღმდეგ ბოლო საპროტესტო დემონსტრაციას ათასობით ადამიანი დაესწრო  და მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში პიკეტირება დაანონსდა.

„ვიყოთ ჩართული ამ თემაში ჩვენ, პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა“, – თქვა ლომინაძემ. მის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

„რადგან ოპოზიციაც და უმრავლესობაც გამოდის მოთხოვნით, რომ ამაზე იყოს უფრო აქტიური დისკუსია პარლამენტში, პარლამენტს ამისთვის აქვს ყველა შესაძლბლობა… რასაკვირიველია, მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება“.

თალაკვაძის განმარტებით, მიმდინარე კვირაში მმართველ გუნდს დაგეგმილი ჰქონდა „მინისტრის საათი“, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა:

„თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება ამაზე, შეგვიძლია, პარასკევს [5 მარტს] პლენარულ ან საკომიტეტო ფორმტში მოვუსმინოთ სხვა პროფილის მინისტრებს [სავარაუდოდ, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის] ამ თემაზე და … მაღალი პრიორიტეტი ამ საკითხს [ნამახვანს] მიენიჭოს“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, გამართონ კონსულტაციები და 2 დღეში ორგანიზება გაუწიონ ისეთ ფორმატს, სადაც ხალხს ნამახვანის ჰესზე „მეტი ინფორმაცია მიეწოდება“.

პროტესტი ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ

ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე 4 თვეზე მეტია, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

რამდენიმე დღის წინ, 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა ამ პროექტის წინააღმდეგ, რასაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა დაესწრო.

საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალგაზრდა ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ, რათა მშენებლობა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ქალაქ ქუთაისის პიკეტირება დააანონსა.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს თურქული კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი“).

ადგილობრივებთან/მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები,  მათ შორის- EMC, საია, „მწვანე ალტერნატივა“, რომლებიც პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის არსებობაზე მიუთითებენ. მაგალითად:

EMC: ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა

მასალების გადაბეჭდვის წესი