ახალი ამბები

“საუბარი არ იქნება რიგგარეშე არჩევნებზე” – მდინარაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე

2 მარტი, 2021 • 632
“საუბარი არ იქნება რიგგარეშე არჩევნებზე” – მდინარაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებულ გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართა, შეთანხმება ერთადერთ საკითხზე, მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით შედგა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია კვლავ ინარჩუნებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვადამდელი არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის საქმიანობას შეუერთდება და დადგინდება, რომ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იანი გადახრა იყო:

“ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ თითქოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ არის. ეს ჩვენი პოზიციაა და ამაზე მყარად ვდგავართ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება ერთადერთი შემთხვევის გარდა, თუ ისინი ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1- პროცენტიან გადახრას მაინც იპოვიან ქართული ოცნების სასარგებლოდ. მინდა ქართული საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს საკითხი გვერდით იყო გადაწეული და იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა მოვნახოთ გადაკვეთის წერტილები, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მედიაციით მიგვიყვანს ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგამდე”, – ამბობს მდინარაძე.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი გუშინდელ შეხვედრაზე არ ყოფილა და შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით:

“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ეს ძალით გახარებული ოპოზიცია, რომელიც გამოდიოდა, რაღაცას გვიყვებოდა და ამ დოკუმენტზეც აპელირებდნენ. სხვათა შორის, იქ შეთანხმება იმაზეც იყო, რომ მსგავსი დოკუმენტის ან სიღრმისეული მსჯელობის შესახებ ინფორმაცია არ გამოსულიყო და ასეთი მსჯელობა არ ყოფილა, რადგან იყო საორგანიზაციო ზოგად საკითხებზე, იმაზე, რომ უნდა განახლდეს მოლაპარაკებები.

რაღაც საკითხებზე იქნება მზაობა და არის უკვე იქ საკითხები, რომელზეც არის უკვე ქმედითი მზაობა, არის საკითხები, რომელზეც საერთოდ საუბარი არ იქნება, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი საერთოდ წარმოუდგენელია”,- ამბობს მდინარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი