ახალი ამბები

TI: ვაქცინაციის გეგმაში კორუფციული რისკები გათვალისწინებული არ არის

2 მარტი, 2021 • 645
TI: ვაქცინაციის გეგმაში კორუფციული რისკები გათვალისწინებული არ არის

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ის იმუნიცაზია უნდა მოხდეს, არაა შეფასებული კორუფციული რისკები და არაა გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

ორგანიზაციის განცხადებით, კორუფციის რისკების წინასწარ არგათვალისწინებამ შესაძლოა პრობლემები და შეფერხებები შეუქმნას იმუნიზაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს.

ამასთან, TI-ს განცხადებით, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი შეისწავლა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის ეტაპი, პროცედურა და პასუხისმგებელი პირი/დაწესებულება, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ვაქცინაცია.

ამასთან, დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად და შეცდომების გარეშე ჩატარების უზრუნველყოფას, რასაც ორგანიზაცია დადებითად აფასებს, თუმცა პრობლემურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გეგმაში არ არის სათანადოდ გათვალისწინებული იმუნიზაციის პროცესში ჩართული მრავალი ადამიანისა თუ დაწესებულების მიერ (ამცრელები, მობილური ბრიგადები, ჯანდაცვის ცენტრები, მუნიციპალური ორგანოები და ა.შ.) მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენცია, აღმოჩენა და მათზე რეაგირება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკი ნამდვილად არსებობს და მას სამი ძირითადი გარემოება განაპირობებს.

კერძოდ, ერთ-ერთ ფაქტორად ორგანიზაცია ასახელებს მოთხოვნად და ძნელად ხელმისაწვდომი პროდუქტის არსებობას, რადგანაც საქმე გვაქვს მოთხოვნად პროდუქტთან – Covid 19-ის ვაქცინასთან, რომლის მოსაპოვებლად ადამიანთა ნაწილმა შესაძლოა წესების დარღვევის გზას მიმართოს.

ასევე გასათვალისწინებელია უფლებამოსილების განაწილება მრავალ ადამიანსა და დაწესებულებაზე. კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, იმუნიზაციის პროცესის მასშტაბიდან გამომდინარე, აუცილებელია უფლებამოსილების განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალ ადამიანსა და დაწესებულებაზე. უფლებამოსილ პირთა რაოდენობის ასეთი ზრდა კი შესაბამისი საპრევენციო ზომების გარეშე, TI-ს განცხადებით, ზრდის კორუფციული დარღვევების რისკს:

“იმუნიზაციის სისტემაში დამატებით გარე პირთა ჩართვა – როგორც გეგმაშია აღნიშნული, დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა იმუნიზაციის სისტემის არსებული შესაძლებლობის (აცრების რაოდენობა) თითქმის გაოთხმაგება. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში საჭირო იქნება დამატებით ისეთი ადამიანების ჩართვა, რომლებისთვისაც ახალი იქნება იმუნიზაციის ანდა სამედიცინო სფერო, რამაც შესაძლოა გაზარდოს არაკეთილსინდისიერად მოქცევის რისკი.

მართალია, ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს პროცესში ჩართული ადამიანებისთვის მასშტაბურ ტრენინგებს, თუმცა ამ ტრენინგების შინაარსობრივ ნაწილში არ არის განსაზღვრული კეთილსინდისიერებისა და დარღვევებზე რეაგირების კომპონენტები” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ს განცხადებით, გეგმით ასევე გათვალისწინებულია ამცრელებისთვის სატელეფონო ცხელი ხაზის არსებობა. თუმცა, როგორც გნაცხადებაში ვკითხულობთ, აქაც ცხელი ხაზის ფუნქცია პროცედურების სწორად წარმართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა და არა დარღვევების ან არაკეთილსინდისიერი ქმედებების შეტყობინება/მხილება.

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესის ნაწილია მონიტორინგის და ზედამხედველობის სისტემაც. თუმცა TI აღნიშნავს, რომ ეს სისტემაც მიმართულია პროცედურების დაცვაზე, იმუნიზაციის გეგმის შესრულების შემოწმებაზე და ვაქცინის გვერდითი მოვლენების ზედამხედველობაზე და არ ითვალისწინებს კორუფციული დარღვევების მართვას:

“მისასალმებელია, რომ ვაქცინის მარაგების, დისტრიბუციისა და აცრილთა აღრიცხვის მართვა დიდ წილად ელექტრონულად მოხდება. პროცესების ამგვარი ავტომატიზაცია და ელექტრონულ რეჟიმში წარმართვა ნამდვილად ამცირებს კორუფციის რისკებს. თუმცა, იმუნიზაციის პროცესის მასშტაბისა და მრავალეტაპიანობიდან გამომდინარე მაინც არსებობს კორუფციისადმი შედარებით მეტად მიდრეკილი ეტაპები, რომელთა წინასწარი გამოვლენა აუცილებელია”, – წერია განცხადებაში.

მაგალითად, ორგანიზაცია ასახელებს რამდენიმე გარემოებას, რომელზე პასუხებიც ამ დრომდე გეგმაში გაწერილი არაა. კერძოდ რა ხდება, თუ:

რომელიმე მოქალაქე გადაწყვეტს ნაცნობობის, ქრთამის, გავლენის ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით ვაქცინის დროზე ადრე მოპოვებას? იმუნიზაციის რომელ ეტაპზეა ამის ყველაზე მეტი რისკი? და არის თუ არა მოფიქრებული ასეთი შემთხვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების მექანიზმები?

ორგანიზაციის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის გეგმაში არ არის ნახსენები კორუფციისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების ამგვარი რისკები, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ რისკების შეფასება არ მომხდარა და მათი შესაძლო პრევენციის მექანიზმების მოფიქრების სამუშაო არ ჩატარებულა.

ამის გათვალისწინებით, TI მიიჩნევს, რომ იმუნიზაციის პროცესში კორუფციის რისკების შესამცირებლად აუცილებელია, რომ:

  • ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმას დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი / თავი, რომელიც დაეფუძნება კორუფციული რისკების შეფასებას და რომელშიც გაწერილი იქნება როგორც ამ რისკების შემცირების ზომები, ისე დარღვევების დადგენის შემთხვევაში გამოსაყენებელი შესაბამისი სიმკაცრის სანქციები.
  • დაინერგოს იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილების და ასეთ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი. დარღვევების მხილება შესაძლებელი უნდა იყოს ამცრელებისთვის მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
  • იმუნიზაციის გეგმით გათვალისწინებულ ტრენინგებს უნდა დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კორუფციის რისკების შეფასების შედეგებზე და ტრენინგის მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • იმუნიზაციის პროცესი წარიმართოს სრული გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, რათა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ჰქონდეს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტის (მაგ: ვაქცინების, სახარჯი მასალების, იმუნიზაციის სერვისების შესყიდვა და ა.შ.) გამოქვეყნებას, ისე აცრილი მოსახლეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას.

ორგანიზაციის განცხადებით,  COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა განახლებადი დოკუმენტია და მის თანახმად, ახალი ინფორმაციის მიხედვით მათი პერიოდული შეცვლა და გეგმის ადაპტირება იგეგმება.

TI იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე მოხდება კორუფციის რისკების შეფასება და საპრევენციო მექანიზმების დანერგვა, რათა არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა და კორუფციამ ვერ შეძლოს იმუნიზაციის პროცესის დაზიანება.

ორგანიზაციის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის საბჭო მზადაა განიხილოს არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებებს, რომლებიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შეთავაზებული:

“გეგმის მუშაობის პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი. ეს ცოცხალი პროცესია და მისი განახლება თავიდანვე იგეგმებოდა. მზად ვართ გავითვალისწინოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ,თუ დამატებითი მექანიზმების გათვალისწინებას მიიჩნევენ მნიშნველოვნად გეგმის ფარგლებში.

ვაქცინაციის საბჭო, რომელიც ასევე წარმოამდგენლობითი ორგანოა, მზადაა განიხილოს წინადადებები, რომელიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შემოთავაზებული” ,- ამბობს გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი