ახალი ამბები

“ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა

2 მარტი, 2021 • 1381
“ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია “მოქალაქეებთან” გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

როგორც დღეს, 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილმა თქვა, ცვლილებების პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილმა მოკლედ წარადგინა ის ცვლილებები, რომლებსაც პროექტი ითვალისწინებს:

  •  საარჩევნო სისტემა- გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე იქნება 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი.
  • საარჩევნო ადმინისტრაცია- საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით (1 პარტია 1 წევრი).
  •  დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა.
  • აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა, აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73-ივე საარჩევნო ოლქში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 უბანი. ჯამში, გადაითვლება 365 უბანი, ანუ უბნების საერთო რაოდენობის 10%.
  • საარჩევნო დავები- გაიზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები, შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა, შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.
  • საარჩევნო აგიტაცია / ადმინისტრაციული რესურსი: აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100-მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

პაპუაშვილის განცხადებით, მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება, საარჩევნო ბარიერია, რადგან მე-10 მოწვევის პარლამენტში ამ ცვლილებისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა წარმოდგენილი არ არის.

“როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა [113 დეპუტატი], რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად.

რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი მუშაობა, მანამ, სანამ პარლამენტი პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფთან კვლავ გავაგრძელებთ პროექტის დახვეწას ისევე, როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის დეტალების განხილვას. ამასთან, პროექტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ODIHR-ს ერთობლივი დასკვნისთვის”, — აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “მოქალაქეებმა” “ქართულ ოცნებასთან” საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებოდნენ. შეთანხმება ეხებოდა ძირითადად საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მემორანდუმის სახით გაფორმდა.

“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი