BDO Academy-ში 2 აგვისტოდან CFA-ის Level 1-ის ნოემბრის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი იწყება.
CFA institute, იგივე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა ინსტიტუტი, ინვესტიციების პროფესიონალთა გლობალური ასოციაციაა, რომელიც ფინანსურ ბაზარზე პროფესიული ცოდნისა და ქცევის ნორმების (ეთიკის) საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს ადგენს. CFA ინსტიტუტს ჰყავს 170 000-ზე მეტი წევრი 164 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის 165 000 CFA-ის სერტიფიკატის მფლობელი (Charterholder) და 156 ადგილობრივი გაერთიანება.
CFA ფინანსების მიმართულებით ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატია, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას იძლევა.
BDO Academy–ის CFA-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს გაუძღვება საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – ანა ბაზიარი. ანა, CFA-ის გამოცდის III დონის კანდიდატია და აქტიურად არის ჩართული საქართველოში ფასიანი ქაღალდების მიმართულებით მარეგულირებელი და საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებაში. მისი მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებისათვის მარეგულირებელი სტანდარტის სახით დაინერგა CFA-ის ეთიკის კოდექსი.
„დღესდღეობით დამსაქმებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ CFA-ის კვალიფიკაციას და თითოეული დონის გამოცდის ჩაბარება კანდიდატის სამომავლო პერსპექტივასა და კარიერულ წინსვლაზე დადებითად აისახება. გარდა ამისა, CFA-ის გამოცდებისთვის მზადებით, კანდიდატს საკუთარ თავზე მუშაობისა და თვითდისციპლინის ისეთი უნარ–ჩვევები უმუშავდება, რომლებიც არანაკლებ ფასეულია პროფესიული საქმიანობისას. ვფიქრობ, CFA საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, ფინანსების მიმართულებით ქვეყნიდან გაუსვლელად საერთაშორისო დონის განათლება მიიღოს“ – ანა ბაზიარი.
CFA-ის ხარისხის მფლობელები (Charterholders) კვალიფიცირებულები არიან მმართველობითი და აღმასრულებელი თანამდებობებისთვის ფინანსებში, ინვესტიციების მენეჯმენტში, რისკების მენეჯმენტში, აქტივების მენეჯმენტსა და სხვა.
BDO Academy არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება, რომელიც კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს.
CFA-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი BDO Academy-ში 2 აგვისტოდან დაიწყება.