ახალი ამბები

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

1 მარტი, 2021 • 556
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბარლდებით სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს.

სუს-ის ცნობითვე, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯანმრთელი ხეების გაჩეხვაში 8 000 დოლარი მოსთხოვა. უწყებამ ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა სუს-ის ინფორმაციით, მოთხოვილი თანხის ნახევარს იღებდა.

“გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის გადახდა.

მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს”, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციითვე, საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ამასთან, ბრალდებულის დაკავება, როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, თბილისის  მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი