ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერებს “ოცნებასთან” დიალოგში EU-ს როლის გაზრდა სურთ

1 მარტი, 2021 • 595
ოპოზიციის ლიდერებს “ოცნებასთან” დიალოგში EU-ს როლის გაზრდა სურთ

ოპოზიციის ლიდერებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, მიშელთან ორ ძირითად თემაზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანადაა აუცილებელი: “პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები”.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდება და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გაათავისუფლებენ:

“ჩვენ ვილაპარაკეთ ძირითადად პრობლემაზე, რაც არის ქვეყანაში, პოლიტიკურ დევნაზე. როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, შეუძლებელია ვისაუბროთ რამეზე. პირველი ამოცანა არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და 8 მარტის შეთანხმების აღსრულება”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძის თქმით კი, აღნიშნულ საკითხებთან ერთად შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართა, რომ ევროკავშირმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მედიატორის როლი იკისროს:

“საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ავუხსენით შექმნილი სიტუაცია, თვითონაც ინფორმირებული იყო. მადლობა გადავუხადეთ მხარდაჭერისთვის. ჩემი კონკრეტული შეთავაზება იყო, პროცესი მედიაციიდან გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში, რომ დიალოგი უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს. ოპოზიციას არასდროს უარი არ უთქვამს დიალოგზე. ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ეკონომიკურ და პანდემიურ კრიზისშია.

საზოგადოება დაპირისპირებულია და ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, პირდაპირ დანიშვნაზე, პლებისციტზე და ა.შ. ხაზი იყო გასმული, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების იარაღად გამოყენება და პოლიტიკური დევნა”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფასილიტატორებისგან განსხვავებით, მედიატორებს შეეძლებათ, გამოსავლის გზები მხარეებს თავადაც შესთავაზონ, რაც შექმნილ კრიზისულ ვითარებაში აუცილებლად მიაჩნია:

“მე პირდაპირ გეტყვით, რომ უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად ბატონი მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში, თუ მზაობა იქნება ჩვენი მხრიდან. ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ეს პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც ქვეყანაში არის.

მეორე იყო ფასილიტაციიდან მედიაციისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თავადაც  წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ ასოცირებული წევრი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. მესამე, პოლიტიკური პატიმრების საკითხი ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდანაც. მეოთხე, მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე.

იმ საკითხებზე, რაზეც ვმსჯელობთ, მათ შორის პატიმრების და არჩევნების საკითხები, მათი მხრიდანაც იყო პოზიცია, რომ გარკვეულწილად ვიყოთ კომპრომისულები. კომპრომისი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ვნახოთ, რა გზით წავა ეს პროცესი. 13-ში არის ასოცირების შეთანხმების სხდომა, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, გვიან ღამით ჩამოვიდა.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ის ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი