ახალი ამბები

აქტივისტები შარლ მიშელს წერილით მიმართავენ

1 მარტი, 2021 • 496
აქტივისტები შარლ მიშელს წერილით მიმართავენ

სამოქალაქო აქტივისტები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, წერილით მიმართავენ და სთხოვენ, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ქვეყანაში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული რესპრესიების აღმოსაფხვრელად.

წერილის ავტორების თქმით, პოლიციამ 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე ასობით აქტივისტი დააკავა, ბოლო თვის განმავლობაში კი, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისას, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება დაკავებები.

წერილის ავტორები მიშელს ასევე მიმართავენ, რომ სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკური გავლენის ქვეშაა და ხელისუფლება ამ უწყებებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს მათ წინააღმდეგ:

“ბატონო მიშელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ქართველ ხალხის მტკიცე სურვილი დემოკრატიული ქვეყნის შენებაა, რომელიც ევროპული და დემოკრატიული სამყაროს ღირებული წევრი იქნება.

2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე პოლიციამ მშვიდობიანი მანიფესტაციების მონაწილე ასობით აქტივისტი დააკავა. ბოლო თვის განმავლობაში კი პოლიცია თითქმის ყოველდღე აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა და საპროტესტო კარვების გაშლის უფლებებით სარგებლობას ცდილობდნენ.

ხელისუფლება პოლიტიკური სასამართლოს დახმარებით ზეწოლას ახდენს სამოქალაქო აქტივისტებზე, რამდენადაც მოსამართლეები პოლიტიკური გავლენის ქვეშ არიან და იურიდიული დასაბუთებისა და დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე ამტყუნებენ და აჯარიმებენ მათ.

გვჯერა, პოლიცია, მმართველი პარტია და პროკურატურა ერთად, კოორდინირებულად მოქმედებენ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.

გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ აღკვეთოთ რეპრესიები საქართველოში”, – წერია დოკუმენტში, რომელიც აქტივისტებმა შარლ მიშელის მისამართით მოამზადეს.

წერილს ხელს აწერენ:

  • მოძრაობა “საქართველოსთვის”
  • “სირცხვილია”
  • “გხედავ”
  • “შეცვალე”
  • მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი”
  • “იმოქმედე”
  • “სამოქალაქო პლატფორმა – დემოკრატიული მომავლისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი