ახალი ამბები

რიონზე ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისის ცენტრში აქციას გეგმავენ

27 თებერვალი, 2021 • 1847
რიონზე ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისის ცენტრში აქციას გეგმავენ

მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები 28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციას გეგმავენ. აქტივისტების თქმით, თავდაპირველად შეკრება უშუალოდ ხეობაში უნდა გაემართათ, თუმცა გარემოებათა გამო, აქციის ადგილი შეცვალეს.

“ჩვენ შევცვალეთ აქციის ლოკაცია. სოფელ ოფურჩხეთში ვგეგმავდით აქციას, თუმცა გადავიტანეთ ქუთაისში, ცენტალურ მოედანზე, თეატრის წინ. 13:00 საათზე გაიმართება აქცია და დაიკეტება მოედანი. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ვიყოთ, რათა ხელისუფლებას დავანახოთ ძალა, [დავანახოთ], რომ ხალხი არ შეეგუება იმ უსამართლობას, რაც რიონის ხეობაში ხდება”, – თქვა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ-ლაივში.

მისივე განცხადებით, აქციაზე ადამიანების დიდ რაოდენობას ელიან, ხალხმრავალი შეკრებისთვის კი პროტესტის ძველი ლოკაცია მოსახერხებელი არ არის. მისივე თქმით, აქციაზე ელოდნენ “პროვოკაციებსაც”, ქუთაისში კი ორგანიზებას და უსიამოვნებების თავიდან აცილებას უკეთ შეძლებენ.

გოლეთიანმა მოუწოდა აქციაზე დასწრების მსურველებს, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ:

“პროცოვირებს თვითონ ხელისუფლება, რომ დაპირისპირება მოხდეს შეკრებილ ადამიანებსა და პოლიციას შორის. ეს ჩვენთვის მიუღებელია და და რიონის ხეობის მოსახლეობა ვემიჯნებით მსგავს მოქმედებებს ყველას მხრიდან. ამ განცხადებს მკაფიოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ ჰქონდეს აქდგილი რაღაც გადაცდომებს და დაპირისპირებებს აქციაზე”.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის დასრულების შემდეგ მსურველებს შეეძლებათ, ადგილობრივებთან ერთად ნამახვანში გადაინაცვლონ და კარვებში მათთან ერთად გაათენონ ღამე.

რა შენდება მდინარე რიონის ხეობაში

მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს ეწინააღმდეგება და 3 თვეზე მეტია, ხეობაში აქციებს მართავს.

ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 10 თებერვალს, ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით, „ნეტგაზეთი“ წერდა, რომ არსებული დოკუმენტებით, კომპანია „ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 21 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვს არც მოსამზადებელი და არც მიწის სამუშაოების ჩატარების უფლება. საპირისპიროს ამტკიცებს კომპანია.

აქვს თუ არა შპს “ენკა რინიუებლზს” 2020 წლის 21 სექტემბრიდან, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება? – ამ კითხვით და  შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით „ნეტგაზეთმა“ 10 თებერვალს მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 14 დღეა სააგენტოს წაერმომადგენელი გვეუბნება, რომ „წერილი უკვე მზადაა და ელოდებიან ხელმძღვანელი პირის მიერ დადასტურებას“.

27 თებერვლის მონაცემებით, „ნეტგაზეთს“ არ მიუღია მოთხოვნილი ინფორმაცია.

ნამახვანი ჰესის გამო დაკავებულ აქტივისტს გირაოს ფული შეუგროვეს, ის გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი