ახალი ამბები

პოლიციელის მიერ სავარაუდო დამყაჩაღებლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

26 თებერვალი, 2021 • 875
პოლიციელის მიერ სავარაუდო დამყაჩაღებლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში დევნის ოპერაციისას პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო.

დღეს, 26 თებერვალს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის საპასუხო სროლა მოჰყვა. როგორც უწყება აცხადებს, პოლიციელებმა თავდამსხმელი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები – ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დღესვე დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება 2021 წლის 26 თებერვალს, ქ. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს.

სროლა ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” დაყაჩაღების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი