ახალი ამბები

სანაიას საქმეზე სამ პირს ბრალი შეუწყნარებლობის მუხლით წაუყენეს

26 თებერვალი, 2021 • 711
სანაიას საქმეზე სამ პირს ბრალი შეუწყნარებლობის მუხლით წაუყენეს

პროკურატურამ ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა და სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის სამი: 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ-ს, გ.ს-ს და ს.ს-ს  ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ. სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს”,-წერია განცხადებაში.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს გუშინ, 25 თებერვალს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი