ახალი ამბები

EU-ს გარეთ ექსპორტის აკრძალვა: ფონ დერ ლეიენის გაფრთხილება ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს

26 თებერვალი, 2021 • 1113
EU-ს გარეთ ექსპორტის აკრძალვა: ფონ დერ ლეიენის გაფრთხილება ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი აკრძალავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტს ევროკავშირის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლები, მათ შორის “ასტრაზენეკა”, ევროგაერთიანების ქვეყნების მომარაგებასთან დაკავშირებით ვალდებულებებს არ შეასრულებენ. ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

ფონ დერ ლეიენის ამ განცხადებას წინ უძღოდა შეკითხვები ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინის მარაგების დეფიციტთან დაკავშირებით. პარალელურად, ევროკავშირის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ დააჩქარებენ ვაქცინებით მომარაგების პროცესს.

“თუ კომპანიები არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ამავე დროს მაინც განახორციელებენ ექსპორტს, კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ექსპორტის კონტროლის მულტილატერული მექანიზმის ფარგლებში”, — ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირის შიგნით დამზადებული და შემდგომ ექსპორტირებული ვაქცინების 95% “ფაიზერზე” მოდის, დანარჩენი კი — “მოდერნაზე”. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ეს კომპანიები პატივს სცემენ ევროკავშირთან დადებულ ხელშეკრულებებს და აქედან გამომდინარე, მათ მიმართ ექსპორტზე ლიმიტები არ არსებობს.

მეორე მხრივ, ევროკავშირი “ძალიან ახლოდან ადევნებს თვალს” “ასტრაზენეკას” ექსპორტს, ვინაიდან ევროგაერთიანების ქვეყნებში არსებობს დეფიციტი მის მიერ წარმოებული ვაქცინებით მომარაგების კუთხით.

“ჩვენ გვინდა, დავინახოთ, ვინ სად ახორციელებს ექსპორტს. თავიდანვე ძალიან ცხადად [ვთქვი], რომ ეს არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ფოკუსირდება კითხვაზე: კომპანია, რომელიც ევროპაში წარმოებული ვაქცინის ექსპორტს ახორციელებს, პატივს სცემს თავის კონტრაქტს ევროკავშირთან?” — ამბობს ფონ დერ ლეიენი.

“გარდიანის” თანახმად, ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 8%-ია აცრილი, ბრიტანეთში კი ეს მაჩვენებელი 27%-ს აღწევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა “ასტრაზენეკას” აღმასრულებელ დირექტორს, პასკალ სორიოს ჰკითხეს. საუბარი იყო გარღვევაზე კომპანიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის მისაწოდებელი ვაქცინების რაოდენობაში.

სორიო ამტკიცებს, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინების იმ დოზების დიდი უმრავლესობა, რომლებიც ბელგიისა და ნიდერლანდების ქარხნებში მომზადდა, ევროკავშირის შიგნითვე დარჩა. ამ განცხადების პარალელურად, ცნობილია ევროკომისიის შიგნით არსებულ ეჭვებზე, რომელთა თანახმადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილი დოზების ნაწილმა დიდ ბრიტანეთში გაჟონა.

სორიოს თქმით, იმედგაცრუებულია ევროკავშირისთვის მისაწოდებელი დოზების რაოდენობაში გარღვევის გამო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ კომპანია ზრდის წარმოებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ბლოკის წევრი ქვეყნების მცხოვრებთა 10%-ის აცრისთვის საჭირო დოზების მიწოდება უზრუნველყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი