ახალი ამბები

იმან, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ და არა დაბალშემოსავლიანში, ცუდი როლი ითამაშა კოვაქსიდან ვაქცინის მიღებაში — იმნაძე

25 თებერვალი, 2021 • 1882
იმან, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ და არა დაბალშემოსავლიანში, ცუდი როლი ითამაშა კოვაქსიდან ვაქცინის მიღებაში — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველომ კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინა ამ დრომდე იმიტომ ვერ მიიღო, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნად ითვლება.

მისი თქმით, ჯერჯერობით კოვაქსიდან დასტური არ არის, როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა.

“თქვენ წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში ის, რომ საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად, საშუალოში გავდივართ და ჩვენ თვითონ ვიფინანსებთ ჩვენს თავს, და არ გვეხმარება იგივე კოვაქსი. ანუ არის ქვეყნები, რომლებიც თვითდაფინანსებაზეა კოვაქსის პლატფორმაზე, მაგალითად, საქართველო, და არის ქვეყნები, რომლებიც ითვლებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებად, რომლებსაც კოვაქსი თვითონ აწვდის.

ამ შემთხვევაში, იმან, რომ უფრო საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება ცუდი როლი ითამაშა იმიტომ, რომ პირველ რიგში, დაბალშემოსავლიანებს გადასცეს [ვაქცინა], მაგრამ იქაც სულ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ჯერჯერობით. ევროპის ოთხი ქვეყანა იყო კოვაქსში, ჩვენ რაც მივიღეთ პირველადი განაწილება. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით კოვაქსიდან არ არის დასტური, როდის შემოვა ეს ვაქცინა. დასტური იყო, რომ ვაქცინა იქნებოდა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში მეორე პარტია”, — განაცხადა “მაესტროს” ეთერში იმნაძემ.

მისივე თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიდის პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთანაც და პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს, ასტრაზენეკა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი