ახალი ამბები

ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები არიან — კალაძე ევროკავშირის განცხადებაზე

25 თებერვალი, 2021 • 624
ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები არიან — კალაძე ევროკავშირის განცხადებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოხმაურება, რადგან ეს ადამიანები საქართველოს გულშემატკივრები არიან. კალაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ორივე მხარისგან კომპრომისი აუცილებელია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება.

ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი. თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს ზოგადად არ აქვს ალტერნატივა, არც ახლა და არც მომავალში“, — აცხადებს კალაძე.

23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

“პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის” — EU

გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის, მელია და რურუა — აშშ-ის კანონმდებლები

მასალების გადაბეჭდვის წესი