ახალი ამბები

გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის, მელია და რურუა — აშშ-ის კანონმდებლები

24 თებერვალი, 2021 • 941
გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის, მელია და რურუა — აშშ-ის კანონმდებლები

აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრები განცხადებას ავრცელებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციისა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ. მათი თქმით, მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ სწრაფვას.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სათავო ოფისზე ძალადობრივი რეიდისა და მისი ლიდერის, ნიკა მელიას, ასევე, ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ ძალიან შემაშფოთებელია.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის მიერ კორუფციული სქემის გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განხორციელებისთვის საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დემოკრატიიდან და მისი ევროატლანტიკური გზიდან დარჩა.

გამოვდივართ მოწოდებით, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის, ბატონი ნიკა მელია და გიორგი რურუა. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრაზე”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, სენატორი ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან — ადამ კინზინგერთან და ჯერი კონოლისთან ერთად.

მანამდე თბილისში განვითარებული მოვლენების გამო “ღრმა შეშფოთება” გამოხატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ის საელჩომ კი აღნიშნა, რომ 23 თებერვალს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკური ოჯახისკენ მიმავალ გზაზე.


23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე, საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი