ახალი ამბები

“პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის” — EU

25 თებერვალი, 2021 • 592
“პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის” — EU

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი განცხადებას ავრცელებს საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც პოლარიზაციით გამოწვეულ ზიანსა და ვითარების დეესკალაცის მნიშვნელოვაზეა საუბარი.

“საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის — “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” — თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ,, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.

ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებს . ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე  დაკვირვებას.

გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე  თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმაოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

ევროკავშირი მზად არის, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკაშვირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი