ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა და ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს გაპრემიერება მიულოცეს

24 თებერვალი, 2021 • 1270
ალიევმა და ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს გაპრემიერება მიულოცეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ -მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცეს.

ორივე ლიდერმა მისალოცი წერილი დღეს, 24 თებერვალს გაავრცელა.

ნიკოლ ფაშინიანის მოსალოც წერილში ნათქვამია, რომ სომხურ-ქართული მჭიდრო კავშირები და მეგობრობა არის ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი პატივსიცემით გამყარებული.

“გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას და გისურვებთ ყველა წარმატებას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე, საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

ძლიერი მეგობრობა სომეხთა და საქართველოს შორის გამყარებულია საუკუნოვანი საერთო კავშირებით, პატივისცემითა და ნდობით, რაც ორ ხალხს შორის არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით, რათა სრულად გამოვიყენოთ სომხურ-ქართული თანამშრომლობა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

საკუთარ მისალოც წერილში ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი აზერაბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

“აზერბაიჯანი და საქართველო არიან დაკავშირებულნი ტრადიციული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით, რომელთაც აქვს ღრმა ისტორიული ფესვები. მჯერა, რომ პროდუქტიული თანამშრომლობა და ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო განვითარდეს და გაფართოვდეს, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი”, – აცხადებს ილჰამ ალიევი თავის წერილში.


ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად 22 თებერვალს დაამტკიცა. მან ამავე პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა, რომლის გადადგომის მიზეზი, მისივე განცხადებით, მმართველო გუნდისგან განსხვავებული ხედვა გახდა, რომ ნიკა მელიას დაკავება არ შეიძლებოდა, მაშინ, როდესაც ამას შესაძლოა მოჰყოლოდა სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი