საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან.
ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება.
თარიღები სხვადასხვა სფეროს გახსნის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მოგვიანებით, ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ სასწავლებლებს ექნებათ არჩევნი, როგორც პრაქტიკულ-ლაბორატორიული სწავლებების და გამოცდების არადისტანციურად გამართვაზე პირველი მარტიდან, ასევე, აუდიტორიებში სასწავლო პროცესის სრულად განახლება 15 მარტიდან.
მინისტრის თქმით, ეს ნებაყოფლობითია და უნივერსიტეტები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ და განათლების სამინისტროსთან შეათანხმებენ.