ახალი ამბები

კოშმარი იყო ამ ღამის მოვლენები — ფოტიგა მელიას დაკავებაზე

23 თებერვალი, 2021 • 840
კოშმარი იყო ამ ღამის მოვლენები  — ფოტიგა მელიას დაკავებაზე

ევროპარლამენტის წევრი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან, ანა ფოტიგა, ენმ-ის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ის მიუღებელს უწოდებს თბილისში 23 თებერვლის დილას განვითარებულ მოვლენებს.

“მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ძალით, აგრესიითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ვერ გადაიჭრება. კოშმარი იყო ამ ღამის მოვლენები. ჩვენ, ყველა, განსხვავებულ საქართველოზე ვოცნებობთ”, — წერს ფოტიგა “ტვიტერზე”.

დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო მედია აშუქებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი