ახალი ამბები

ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო მედია აშუქებს

23 თებერვალი, 2021 • 1266
ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო მედია აშუქებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო მედია 23 თებერვლის დილიდან აშუქებს. თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ წერენ როგორც დასავლური, ისე რუსული და სხვა გამოცემები.

“საქართველოში პოლიციამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია დააპატიმრა ძალადობრივი რეიდის დროს მისი პარტიის სათავო ოფისში “, — წერს BBC და აღნიშნავს, რომ მომხდარი დაგმეს როგორც აშშ-ის, ისე დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა.

 

"ქართული პოლიცია შეიჭრა ოპოზიციის სათაო ოფისში და დააპატიმრა მისი ლიდერი" — BBC

“ქართული პოლიცია შეიჭრა ოპოზიციის სათაო ოფისში და დააპატიმრა მისი ლიდერი” — BBC

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მელიას მხარდამჭერთა დასაშლელად, რომელთა ნაწილიც შენობაში ლიდერთან ერთად, ბარიკადებს მიღმა იყო გამაგრებული. BBC ახსენებს მელიას მიმართ გამოძიების დაწყების მიზეზებს და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული საქმე კვლავ აქტუალური გახდა.

ენმ-ის ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს “ძალადობრივ რეიდად” მოიხსენიებს სააგენტო France 24-იც და დასძენს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობაა. კრიზისის გაღრმავებაზე მიანიშნებს სააგენტო Reuter-იც და მკითხველს დიპლომატიური კორპუსის გამოხმაურებებზე უყვება.

სააგენტოს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ცნობებმა მელიას დაპატიმრების გეგმის შესახებ “გამოიწვია ოპოზიციის შეშფოთება და ყოფილი საბჭოთა ქვეყნის დასავლელი მოკავშირეების გაფრთხილებები”. BBC-ის მსგავსად, France 24 ასევე ციტირებს ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის “შოკირებულია” მომხდარით.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენები გააშუქა Euronews-მაც. ის ასევე ციტირებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სპეცოპერაციამდე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამართლიანობა აღსრულდება და მელია მას ვერ დაემალება.

"ქართული პოლიცია აპატიმრებს ოპოზიციის ლიდერს, ნიკა მელიას, სათაო ოფისზე შეტევის შემდეგ" — Euronews

მოვლენებს თვალს ადევნებს გერმანული Deutche Welle-ც: ტელეკომპანიის სიტყვებით, რამდენიმედღიანი პროტესტის მიუხედავად, დააკავეს ნიკა მელია, რომელსაც ძალადობის წაქეზებას ედავებიან. ავტორი მიმოიხილავს როგორც ბოლო დღეების მოვლენებს, ისე საპარლამენტო არჩევნებსა და ოპოზიციის უნდობლობას ცესკოს შედეგებისადმი.

“საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერი, [რამაც] გააღრმავა პოლიტიკური განხეთქილება სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში და კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო შეიყვანა კრიზისში’, — წერს ამერიკული Washington Post.

გამოცემა მიმდინარე პროცესებს მოიხსენიებს კიდევ ერთ არეულობად რუსეთის საზღვრებთან ახლოს, ბელარუსში პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლებისა და ყირგიზეთის რევოლუციის შემდეგ.

“საქართველო, 3.7- მილიონიანი ქვეყანა შავ ზღვაზე, აღიარებული იყო უფრო დემოკრატიულად, ვიდრე დანარჩენი ორი[ბელარუსი და ყირგიზეთი] [და ჰქონდა ნატოში გაწევრიანების ამბიციები, თუმცა ბოლო წლებში ამერიკელმა კანონმდებლებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილებში, [იმასთან დაკავშირებით], რომ მმართველი “ქართული ოცნების” ზოგიერთი ქმედება მიუთითებს “უკუსვლაზე” “, — ვკითხულობთ გამოცემის სტატიაში.

მელიას დაკავება, სხვადასხვა საინფორმაცია სააგენტოზე დაყრდნობით, გააშუქა Al-Jazeera-მაც.

"ქართული პოლიცია შეიჭრა ოპოზიციური პარტიის ოფისში, დააკავა მისი ლიდერი" — ALJAZEERA

თბილისში მიმდინარე მოვლენებს დილიდან აშუქებს რუსული მედიაც: რუსეთის სახელმწიფო გამოცემა РИА Новости ეყრდნობა ასევე რუსული Sputnik-ის ცნობებს, რომელთა თანახმადაც, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ამჟამინდელი ლიდერის დასაპატიმრებლად. სააგენტო მიმოიხილავს მელიას მიმართ გამოძიების დაწყების მიზეზებს და ახსენებს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსაც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის პროტესტისა და შეტაკებების მიზეზი გახდა.

კიდევ ერთი რუსული გამოზემა Взгляд-ის სიტყვებით, “დააპატიმრეს საქართველოს ანტირუსული საპროტესტო აქციის ლიდერი მელია”.

მელიას დაკავებასა და შემდგომ მოვლენებზე დღის განმავლობაში თურქული მედიაც წერს: სახელმწიფო ტელეკომპანია “TRT”  დასძენს, რომ სპეცრაზმი ენმ-ის სათავო ოფისში ყველა შესასვლელიდან, მათ შორის, სახურავიდან შევიდა. ტელეკომპანია მიმოიხილავს როგორც ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულ მოვლენებს, ასევე, 20 ივნისის პროტესტსა და ბრალდებებს მელიასადმი.


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი