ახალი ამბები

ელისაშვილი: რომ იბრიქებოდნენ უგულავა და ხაზარაძე, დაიცვეს მელია?!

23 თებერვალი, 2021 • 867
ელისაშვილი: რომ იბრიქებოდნენ უგულავა და ხაზარაძე, დაიცვეს მელია?!

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა მოთოკონ ემოციები, რათა მოლაპარაკებებით იპოვონ გამოსავალი. მან ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიცონერი პოლიტიკოსები გააკრიტიკა ნიკა მელიას დაკავებისა და ენმ-ის ოფისზე შტურმის საკითხზე საუბრისას.

“ეს მუშტების ბრახუნი და წინასწარ პირობების დაყენება ორივე მხრიდან ცუდია. რა თქმა უნდა, დაამძიმა სურათი დღევანდელმა სპეცოპერაციამ და ნიკა მელიას დაჭერამ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამოსუნთქვა, დამშვიდება.

ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარემ მოთოკოს ემოციები, ქვეყნის პერსპექტივა დევს სასწორზე. ხალხზე და ხალხის პრობლემებზე უნდა ვიფიქროთ. ვხედავთ, ხო?! იბრიქებოდნენ იქ ხაზარაძე და უგულავა, დაიცვეს მელია? სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ. ვინ შეატოვეს? ისევ უბრალოდ აქტივისტები და ხალხი შეატოვეს” ,— ამბობს ელისაშვილი.

ენმ-ის ოფისზე შტურმთან დაკავშირებით ელისაშვილი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო. მისივე აზრით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ამისთვის კი ნაბიჯი “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას:

“ძალიან სამწუხაროა, რაც დღეს მოხდა. სამწუხაროა უდავოდ. გუშინ, ალბათ, ყველა ადევნებდით თვალს, რომ სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით ბატონ ღარიბაშვილს და ვეუბნებოდით, რომ ქვეყანას სჭირდება არა ესკალაცია და ორმხრივი კუნთების თამაში და ერთმანეთისთვის მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, ესკალაცია და ძალიან სამწუხარო სურათი, რაც ვიხილეთ”, — აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, “კუნთების თამაში” ქვეყანას “კარგს არაფერს მოუტანს” და სწორედ ამიტომ არის საჭირო მოლაპარაკებები ოპოზიციასთან. როგორც ელისაშვილი ამბობს, მოლაპარაკებების პროცესი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს და ორივე მხარემ “მოთოკოს ემოციები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი