ახალი ამბები

კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ნიკა მელია უნდა გაათავისუფლოს

23 თებერვალი, 2021 • 763
კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ნიკა მელია უნდა გაათავისუფლოს

ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი.

კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის და აღნიშნავს, რომ ზემოთქმულის ალტერნატივა იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართულებით:

“იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.

ზემოთქმულის ალტერნატივა უდავოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს – საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში”, – აცხადებს გიორიგ კვირიკაშვილი.

ამასთან, ექსპრემიერი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით მისთვის სრულიად მიუღებელია და არ ამართლებს 2019 წლის 20 ივნისს დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას:

“ნაციონალური მოძრაობა თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია. 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი