ახალი ამბები

დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეი არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება… წამებასაც კი – ლომჯარია

23 თებერვალი, 2021 • 1306
დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეი არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება… წამებასაც კი – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გასარკვევია, რა ტიპის სპრეი გამოიყენა პოლიციამ ენმ-ის ოფისში. საქართველოს ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ დაუშვებელია დახურულ სივრცეში, ანუ იქ, სადაც ადამიანებს შენობის დატოვების საშუალება არ აქვთ, წიწაკის სპრეის გამოყენება. ლომჯარიას თქმითვე, ენმ-ის ოფისში ვითარების გასაცნობად და მოქალაქეებთან შესახვედრად მივიდა.

“პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეს არის გაეროს სტანდარტი, ასევე, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით წიწაკის სპრეის გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება დატოვონ ტერიტორია და დაუყოვნებლივი დახმარება მიიღონ, არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება… წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზის გამოყენებით მიღებული ტკივილი აღწევს არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფორმებს. განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის და ვიცი, რომ იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.”

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. ენმ-ის ოფისში შესვლისას პოლიციამ, სავარაუდოთ, წიწაკის სპრეი გამოიყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი