ახალი ამბები

კობახიძე მელიაზე: არ გადაიხადა, დაიჭირეს

23 თებერვალი, 2021 • 778
კობახიძე მელიაზე: არ გადაიხადა, დაიჭირეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შტურმის შესახებ განცხადებას აკეთებს, მელიას ენმ-ის ფორმალურ თავმჯდომარეს უწოდებს და შს მინისტრსა და პოლიციელებს მადლობას უხდის, მისი შეფასებით, სპეცოპერაციის სანიმუშოდ ჩატარებისთვის:

ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს თავის ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით ძალაუფლების დაბრუნების პირობებში.

ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად არის მტკივნეული. თუმცა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ ფაქტებს. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2012 წელს, ის აკოტრებდა კერძო ბანკს. ამ დანაშაულისთვის ის უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ. 2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2020 წელს, ორგნაიზებას უწევდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას.

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი ინციატორი. სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი. დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური მცდელობა და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ. პროკურატურის მიერ გირაოს ვადის საბოლოოდ განსაზღვირს შემდეგ კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა – “არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ”, არ გადაიხადა, დაიჭირეს. უფრო სწორად, თითონ დააჭერინა საკუთრი თავი”, – ამბობს კობახიძე.

კობახიძის შეფასებით, სპეცოპერაცია ენმ-ის ოფისში სანიმუშოდ ჩატარდა და ვახტანგ გომელაურს და სპეცოპერაციაში მონაწილეებს მადლობას უხდის “სახელმწიფოს ღირსების დაცვისთვის”:

“სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო. თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა. დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს წითელი არმიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტრუდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.

მადლობას ვუხდით ვახტანგ გომლაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ ოპოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას” ,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი