“ნაცინალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, პარტიის ოფისიდან სახელმწიფო კანცელარიასთან 15:00 საათისთვის გადაინაცვლებენ. ამის შესახებ ლიდერებმა ჟურნალისტებთან საუბრისასა განაცხადეს და ხალხს კანცელარიის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

“დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი, ოფისი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი. ყველა ოთახი გაპარტახებულია. ადამიანები დაწამლეს შენობაში და რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა და იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახებინა. ახლა ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის ერთ-ერთი მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო ეს სასაკლაო ადამიანებს, რომელიც ქვეყანას ევროატლანტიკურ მომავალს უსპობს, და მინდა მოგმართოთ ყველას, ვინც ახლა ხართ სახლში, ვინც უყურებთ ტელევიზორს, ვისაც ამ ქვეყნის ბედი გადარდებთ, ვისაც გადარდებთ ჩვენი შვილების ბედი, მობრძანდით 3 საათზე კანცელარიასთან. ჩვენ ვიქნებით იქ, გელოდებით იქ და აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის და ეს მაგალითი გვაჩვენა ნიკა მელიამ, თითოეულმა ადამიანმა, ვინც აქ იყო”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ენმ-ის ოფისთან დილიდან პოლიციელები და მაშველები არიან მობილიზებული. ადგილზე ასევე მიიტანეს სპეციალური სახანძრო კიბე, რომლითაც პოლიციელები შენობის სახურავზე ავიდნენ და ოფისში ამ გზით შეაღწიეს.

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო”, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 18 თებერვალს მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობდა, რომ ვერ იტყოდა ზუსტად, თუ როდის დააკავებდნენ მელიას.