ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზები და ოსები ხედავენ, რომ ერში არ გვაქვს ერთობა — ირაკლი ღარიბაშვილი

22 თებერვალი, 2021 • 952
აფხაზები და ოსები ხედავენ, რომ ერში არ გვაქვს ერთობა — ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება ხელს უშლის აფხაზებისა და ოსების დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციის სურვილს.

ნომერ პირველი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის არის დაკარგული, რაც განაპირობა ამ დესტრუქციული ოპოზიციის მმართველობამ, მათ თავიდან ვერ აიცილეს ის უბედურება, რომელიც მოიტანა აგვისტოს ომმა და რამაც განაპირობა ჩვენი ტერიტორიების რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის, მიერ აღიარება. შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს სრულიად აბსოლუტურად მოწყვეტილია ჩვენი მოსახლეობისგან ეს ორი ძირძველი ტერიტორია”, –  განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აფხაზები და ოსები ხედავენ არსებულ დაპირისპირებას.

“მოდით, ვიყოთ რეალისტები და ყველაფერს ღია სიმართლე დავუპირისპიროთ. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები უყურებენ, როგორი დესტაბილიზაციის მცდელობები მიმდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთობა ჩვენს ერში, ხედავენ, რომ გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, სოციალური პირობები, მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელიც ჩვენ მივაღწიეთ, მათ შორის ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”.

ჩვენ დღესაც ვართ ძალიან ღარიბი ქვვეყანა, ამიტომ ხაზი დეოკუპაციის, შერიგებისა და გაერთიანების არის სწორედ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა .


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის დამტკიცების დროს გამართული მოსმენებისას, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი იყო, განაცხადა, რომ საქართველო შეიძენდა თავდაცვისა და სადაზვერვო დრონებს. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული განცხადება შეფასდა, როგორც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ საქართველოს მცდელობა, სამხედრო გზით მოეგვარებინა კონფლიქტები. ქართველმა შემფასებლებმა აფხაზური მხარის პოზიციას შიდა აუდიტორიაზე გათვლილი განცხადებები უწოდეს.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი