ახალი ამბები

ISFED-ის დირექტორად ნინო დოლიძე დაინიშნა

22 თებერვალი, 2021 • 567
ISFED-ის დირექტორად ნინო დოლიძე დაინიშნა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელ დირექტორად ნინო დოლიძე დაინიშნა.

ISFED-ის ინფორმაციით, დოლიძე საჯარო პოლიტიკის მაგისტრია. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14- წლიანი გამოცდილება. ორგანიზაციის ცნობითვე, ბოლო 8 წლის განმავლობაში დოლიძე მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე, მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. პარალელურად გახლავთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ორგანიზაციის მაშინდელი დირექტორი ელენე ნიჟარაძემ აცხადებდა, რომ პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო თავის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავდა. ის ამბობდა, რომ ორგანიზაციამ მაქსიმალურის გაკეთება შეძლო იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტი დაეცვა.

25 დეკემბერს კი მან ISFED-ის დატოვა. ბრიფინგზე ნიჟარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებული შეცდომა ორგანიზაციისთვის და პირადად მისთვის “ძალიან მძიმე” იყო, რადგან ორგანიზაციის მიზანი მაღალი სტანდარტების დაცვაა. თუმცა ნიჟარაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ” პროცენტული თვალსაზრისით ეს იყო მცირედი სხვაობა, რასაც მანდატებზე გავლენა არ მოუხედენია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი