ახალი ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ბიუროკრატიაა: ცერცვაძე ვაქცინაციის დაწყების ვადებზე

21 თებერვალი, 2021 • 653
საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ბიუროკრატიაა: ცერცვაძე ვაქცინაციის დაწყების ვადებზე

“წინასწარი შეთანხმებები, როგორც წესი, დროში ცოტათი იგვიანებს”, — ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოშ ვაქცინაციის დაწყების ვადებზე საუბრისას. ის ბიუროკრატიის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა დასძენს, რომ “პროგნოზები კეთილსაიმედოა”.

“წინასწარი შეთანხმებები, როგორც წესი, დროში ცოტათი იგვიანებს. ეს დიდად მოულოდნელი არ უნდა იყოს. იქ უზარმაზარი ბიუროკრატიაა, მარტო ჩვენთან კი არ არის ბიუროკრატია. იქაც, კოვაქსშიც, საერთაშოსიროს ორგანიზაციებშიც, ბიუროკრატიაა.

კარგი არ არის, რომ ჯერ ვერ დავიწყეთ ვაქცინაცია, თუმცა პროგნოზი კეთილსაიმედოა. როცა დაიწყება, დაიწყება ისე, რომ ეტაპობრივად გაგრძელდება და წლის ბოლომდე, მე არ ვიცი, 60-65%-ის აცრა მოხერხდება თუ არა, მაგრამ ვაქცინის ძალიან სერიოზული რაოდენობა იქნება შემოტანილი”, — ეუბნება თენგიზ ცერცვაძე “პირველ არხს”.

ვაქცინაციის პროცესზე ტელეკპმპანიასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ივნისისთვის მასობრივი იმუნიზაციის იმედი აქვს.

“ჩვენ გვჭირდება წელს, თავისი დანაკარგით, 3.9 მილიონი დოზა. აქედან ხელშეკრულება გაფორმებულია 1.4 მილიონზე. დამატებით, პირდაპირი მოაპარაკებებით ვცდილობთ 2.5 მილიონი დოზა მოვიპოვოთ. ამის პირველი ნაბიჯი მომავალ 2 კვირაში გაირკვევა, ამ ე.წ. არაკოვაქსის მექანიზმით ვაქცინების მოპოვებისა.

წინასწარ არ ვსაუბრობ, მაგრამ ამას მოჰყვება 2-3 სერიოზული ხაზი პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ქვეყანაში ვაქცინების შემოატნისა. მე ძალიან იმედი მაქვს, რომ ჩვენ სადღაც მაისის ბოლომდე, გეგმა გვაქვს, ავცრათ 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად, ანუ სადღაც 400 000 აცრა მაისის ბოლომდე. ხოლო ივნისიდან, დიდი იმედი გვაქვს, რომ მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ”, — აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძის 10 თებერვლის განცხადების თანახმად, დადასტურებულია, რომ “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა ქვეყანაში თებერვლის ბოლო დეკადაში უნდა შემოვიდეს,”ასტრაზენეკას” 184 000 დოზა კი — ““მარტის შუა რიცხვებში”.

აღნიშნულ დოზებს ქვეყანა კოვაქს პლატფორმისგან მიიღებს, თუმცა, 11 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, მიღებულია დასტური  “ასტრაზენეკას” ვაქცინის კიდევ 150 000 დოზის უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან შეძენის შესახებ. ეკატერინე ტიკარაძემ 10 თებერვლის პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველო ხსენებულ 150 000 დოზას “მარტის პირველ ნახევარში” მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი