ახალი ამბები

გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა — სუბარი

20 თებერვალი, 2021 • 1840
გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა — სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა გაუგებარი და შეუწყნარებელი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გადადგა გახარიამ ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ეს ნაბიჯი, როცა ის “განსაკუთრებით რადიკალური და პრინციპული იყო” იმ საკითხში, რომ ენმ-ის ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.

„ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც. ამას სახელს ვერ ვარქმევ. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე. არ არის სწორი ასეთი საქციელი და მორჩა, დამთავრდა”, — თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვას, როგორც შეაფასებს გახარიას პრემიერობის პერიოდს, სუბარმა ასე უპასუხა:

“რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს, როგორც მაჟორიტარის საარჩევნო კამპანიაზე.

უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ. [თუმცა] მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება”.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მან თქვა, რომ არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მისი ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას ქვეყანაში.

“იმედის” ეთერში საუბრისას სუბარმა გახარია პოლარიზაციის შესახებ მისი ამ განცხადების გამოც გააკრიტიკა. სოზარ სუბარის თქმით, აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა კარგად იცის, რომ პოლარიზაციის ერთადერთ წყაროს “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი