ახალი ამბები

“ვერ შევთანხმდით, ხვალიდან მშენებლობას ვიწყებთ” – სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი

15 თებერვალი, 2021 • 2571
“ვერ შევთანხმდით, ხვალიდან მშენებლობას ვიწყებთ” – სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებარე კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ხვალიდან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას განაახლებს. მერიაში კი ამბობენ, რომ ამას არ დაუშვებენ.

ქალაქ თბილისის მერიაში დღევანდელი შეხვედრა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც კომპანიამ, მიუხედავად ვადაგასული ნებართვისა, მშენებლობა მაინც დაიწყო. კომპანია ამბობდა, რომ მას აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, მერია კი დაპირების საწინააღმდეგოდ, ადეკვატურ ალტერნატივას არ სთავაზობს.

„არანაირი შედეგი არ არის, სამწუხაროდ. ხვალიდან გავაგრძელებთ სამუშაოებს, აბა, რა ვქნათ?!ტექნიკა უკვე მიყვანილი გვაქვს. ჩვენ სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ, უბრალოდ მათ აქვთ თავისი წინაპირობა. ღობე უნდა გამაგრდეს, ბანერი დასაბეჭდად მივეცით, დაცვის ჯიხური დადგება და ა.შ.

ზედამხედველობა თუ გაგვაჩერებს და დაგვაჯარიმებს, გავასაჩივრებთ და გავაგრძელებთ“, – ამბობს ნეტგაზეთთან გიორგი ზაქაიძე, „ტიფლის დეველოპმენტის“ დირექტორი.

ჩვენ ზაქაიძეს ვკითხეთ, რა შესთავაზა მერიამ შეხვედრისას კომპანიას. ის განმარტავს:

„მერიამ შემოგვთავაზა, რომ 20 მილიონს გადაგიხდით, ოღონდ დროში გაწელილს და შემდეგი წლის ბიუჯეტში იფიქრებენ ჩასმას ან შემდეგი წლების ბიუჯეტში… იმის გამო, რომ ჩვენ ადგილზე არ ავაშენოთ სასტუმრო“ .

ამასთანავე კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მერიამ შესთავაზა სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენება, თუმცა, არა ისეთის, რაზეც კომპანიაა თანახმა – „მათ უნდათ, რომ საჩაიე ავაშენოთ, სართულ-ნახევრიანი. ჩვენ ზედმეტი არაფერი გვინდა, რაც გვეკუთვნის, მხოლოდ ის“.

ზაქაიძე დასძენს, რომ ადგილზე, სადაც კომპანიას მშენებლობის დაწყება უნდა, ათწლეულების განმავლობაში ისედაც იდგა შენობა – „მოიფქირონ და გვითხრან, მაგრამ დროში გაწელილს ვერ ავიღებთ ვერაფერს. თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რა გვინდა“.

რაც შეეხება მერიას, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ მშენებლობის დაწყება ვაკის პარკში უკანონობაა. მისივე თქმით, წლების წინ მართლაც იყო საუბარი რესტორნის მშენებლობაზე , ოღონდ კომპანიას უნდოდა რესტორნის აშენება სასტუმროს მასშტაბებით. მერიისთვის კი ეს მიუღებელი იყო.

„ეს პოზიციაც ჩვენთვის დღეს არაფერს წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა“, – ამბობს ხმალაძე.

ჟურნალისტებთან საუბარში ხმალაძეც ადასტურებს, რომ შეხვედრას შედეგი არ ჰქონია, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება.

„ფულად კონპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა, ფულად კონპენსაციას ჩვენ არ განვიხილავთ. ასეთ დროს ჩვენ ვთავაზობთ ხოლმე შესაბამისი ღირებულების მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ასეთი შეთავაზებები ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ. თუ საქმე ისაა, რომ მათ ეს მიწის ნაკვეთები არ მოსწონთ, შესაძლებელია სხვა ვარიანტების განხილვაც. მაგრამ კომპანია პრინციპულად არ იღებს ადგილმონაცვლეობას, რადგან მას იქ სასტუმროს აშენება უნდა“, – აცხადებს ხმალაძე ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, სად შესთავაზა მერიამ ადგილმონაცვლეობა, ხმალაძე პასუხობს, რომ კომპანიისთვის მისაღებია ისევ ვაკის პარკში მიწის ნაკვეთის მიღება.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ცენტრალურ უბნებში არ არის, სკვერებში არ არის, არცერთ პარკში არ არის. აქედან გამომდინარე იყო, რომ 2800 კვ.მ-ის სანაცვლოდ ღებულობდნენ რამდენიმე ჰექტარს. იმიტომ, რომ იქ, რა თქმა უნდა, კვადრატულ მეტრზე ღირებულება ნაკლებია“, – ამბობს ხმალაძე, შემდეგ კი ამატებს – „ადრე თუ გვიან მივალთ იქამდე, რომ ისინი დარწმუნდებიან, რომ ვერც ასეთი ქმედებით, ვერც ვერანაირი გზით იქ სასტუმროს ვერ აანაშენებენ და საბოლოოდ ჯამში, მივალთ ადგილმონაცვლეობაზე,“.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის (მერი – გიგი უგულავა) განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, თბილისის უკვე ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. მალევე დაიწყო მოლაპარაკებები, საუბარი იყო ადგილმონაცველობაზეც. თუმცა ეს მოლაპარაკებები მერიასა და კომპანიას შორის უშედეგოდ დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, მართალია, კომპანიის მშენებლობის ნებართვის ვადა გავიდა, მაგრამ სპეცნებართვა (ზონალური შეთანხმება), რომელიც  2013 წელს გაიცა და რომლის საფუძველზეც შემდგომ მიიღო კომპანიამ მშენებლობის ნებართვა  – უვადოა.  თავად მშენებარე კომპანია “შპს ტიფლის კოსტავას” დირექტორი, გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ მერიას კომპანიისთვის უარის თქმის სამართლებრივი უფლება არ აქვს.

ვრცლად ამაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

გაურკვევლობა ვაკის პარკში – აშენდება თუ არა სასტუმრო “ბუდაპეშტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი