ნეტგაზეთი | კარვის განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, — ლომჯარია კარვის განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, — ლომჯარია – Netgazeti
RU | GE  

კარვის განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, — ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისთვის კარვის გაშლაში ხელის შეშლასა და მათ დაკავებას ეხმაურება.

ომბუდსმენის თქმით, ის წარსულშიც არაერთხელ გამოეხმაურა პროტესტის მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული.

“…ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია ასევე ხაზს უსვამს, რომ აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში. მისი თქმით, უფლებით სარგებლობის ფარგლებში კარვის განთავსების შესაძლებლობას საქართველოს სასამართლოც აღიარებს:

“იქიდან გამომდინარე, რომ შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება”.

ომბუდსმენი დასძენს, რომ აქციიდან გავრცელებული კადრების თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული იყო სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის “გაუმართლებელ შეზღუდვას” წარმოადგენს.

“…[ეს] ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს.

ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან”,  — ნათქვამია განცხადებაში.

19 თებერვალს გამართულ აქციაზე, რომელზეც მოძრაობის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები კარვის გაშლას ცდილობდნენ, 20-მდე ადამიანი დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მოგვიანებით, ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

რამდენიმე საათის შემდეგ, ადგილზე კიდევ ერთი აქცია გაიმართა: პარლამენტთან “ლელოს” წარმომადგენლები მივიდნენ და “ქართული ოცნების” მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა გააპროტესტეს. პარტიის ინფორმაციით, შეკრებილებმა საპროტესტო წარწერის გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და წინა აქციის მსგავსად, აქაც დააკავა ადამიანები.

“ლელოს” აქციაზე, ჯამში, 5 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

პარლამენტთან “ლელოს” აქციაზე დააკავეს ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე და სხვები — პარტია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან